ქვეყანაში შექმნილ კრიზისულ მდგომარეობაზე

ქვეყანაში შექმნილ კრიზისულ მდგომარეობაზე „ახალი თაობა“ ესაუბრა მოძრაობა „ქართული იდეის“ თავმჯდომარეს, ლევან ჩაჩუას:

_ დაძაბულობა გრძელდება, მაგრამ ის, რაც იყო ჩაფიქრებული, ჩაიფუშა. სახელმწიფო გადატრიალება არ გამოვიდა.

_ ბ-ნო ლევან, ვინ აპირებდა სახელმწიფო გადატრიალებას?

_ ნაცმოძრაობა, რომელიც სხვადასხვა პარტიაშია გაფანტული. ნაცმოძრაობას განზრახვა არ გამოუვიდა. ალბათ, მათთან გარიგებული იყვნენ „ქართულ ოცნებაში“ მოკალათებული ყოფილი ნაციონალები. „ქართული ოცნება“ და ყველა სახელმწიფო სტრუქტურა სააკაშვილის კადრებითაა სავსე. ნაციონალური მოძრაობის ყველა განშტოება კარგად გრძნობს თავს, თუმცა ძველი პრივილეგიები დაკარგა. ეს ხალხი ძალაუფლების ვნების ტყვეობაშია. ისინი სააკაშვილის რეჟიმისა და აბსოლუტური ძალაუფლების დაბრუნებაზე ოცნებობენ.

_ საპროტესტო მუხტი დღეს მიმართულია გიორგი გახარიაზე, რომლის გადადგომასაც საზოგადოების დიდი ნაწილი ემხრობა.

_ პოლიციაში ძალიან ცუდი ამბები ხდება. არსებობს საბოტაჟის მცდელობა. ყოფილი ზონდერები, რომლებიც სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს ემსახურებოდნენ, ქვეყანას დიდ საფრთხეს უქმნიან.

_ ამაზე მეტი რა საფრთხე უნდა შეუქმნან? ამ ხელისუფლებასაც უკვე სისხლიანს ეძახიან.

_ ეს სწორედ მათი ნამოქმედარია. ივანიშვილმა სააკაშვილის მანიაკალური სისტემა არ შეცვალა, ამიტომ დათხარეს ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს თვალები იმდროინდელმა დაგეშილმა ზონდერებმა. 2013 წლიდან მოყოლებული გავყვირი, რომ სისტემა შესაცვლელია, ძალოვანი სტრუქტურებიდან გასაშვებია სისხლზე დაგეშილი ნაც-ზონდერები, რომლებიც სააკაშვილის სისხლიან დავალებებს აღასრულებდნენ ხოლმე გეგმის გადაჭარბებით. მიტინგის დაშლასაც თავისი წესები აქვს. ნორმალურ სახელმწიფოში აქციის მონაწილეებს ჯერ აფრთხილებენ, ხოლო თუ რეზინის ტყვიების გამოყენების აუცილებლობა დადგა, ამ ტყვიებს ფეხებში უშენენ. ამ მანიაკებმა ტყვიები დამიზნებით სახეში ესროლეს ჩვენს ახალგაზრდებს და უმოწყალოდ დასთხარეს თვალები. ერთი სული ჰქონდათ, დიდი დაპირისპირება მოწყობილიყო, რომ მერე ისიც დაერბიათ.

_ ამაში გახარიას პასუხისმგებლობა არ იკვეთება?

_ გიორგი გახარიას ყოველთვის ვაკრიტიკებდი. ის ბოდიშებს უხდიდა ყველას, ვინც ამის ღირსი არ იყო. ახლა ვიტყვი, რომ ეს სისხლიანი დარბევა მისი გადაწყვეტილება ვერ იქნებოდა. ივანიშვილია მარიონეტი და გახარია როგორ იქნება დამოუკიდებელი! ეს დარბევა გახარიას ბრძანებით ვერ მოხდებოდა.

_ ამ მოვლენებამდე გახარიას, გარკვეულად, ძლიერი ფიგურის იმიჯი ჰქონდა, თქვენ კი მას მარიონეტს უწოდებთ.

_ შს მინისტრი ძლიერი კი არა, ცბიერი და მოქნილია. მას შეუძლია ფარულად იმუშაოს სხვადასხვა ფრონტზე – არჩევნები იქნება ეს, თუ ეკლესიასთან დამოკიდებულება.

_ მის გადადგომას არ მოითხოვთ?

_ სწორედ მოიქცა ახლა რომ არ გადადგა, ლგბტ-პრაიდისა და ნარკოდილერების მოთხოვნა არც უნდა შეესრულებინა!

_ ის საზოგადოება, რომელიც ყოველდღე იკრიბება პარლამენტთან, ხალხში სიმპათიას იწვევს. შეკრებილებს რომელიმე კატეგორიასთანაც არავინ აიგივებს. გახარიას წასვლა ფართო საზოგადოების მოთხოვნაა.

_ 2 ივლისამდე მასე იყო. კარგა ხნის განმავლობაში აქციებში მოტყუებული, თუმცა გულწრფელი კატეგორია მონაწილეობდა. 2 ივლისს მიტინგი დროთა განმავლობაში დაიწმინდა. ჩვენ დავინახეთ, რომ თავყრილობას შემორჩნენ ლგბტ-პრაიდის მომხრეები და ის ნარკოდილერები, რომლებიც შარშან გაზაფხულზე იდგნენ ქუჩაში და საზოგადოებას აგინებდნენ. მიტინგის სპიკერი მიშა მშვილდაძე 2 ივლისს ამბობდა, 300 კაცი დავრჩით 300 არაგველივითო. ბევრმა ადამიანმა გააცნობიერა, რომ უზნეო და მართულ პროცესში იღებდა მონაწილეობას და მიხვდა, რომ ნაცებისა და ევრონაცების თამაშში ჩაითრიეს. ამის შემდეგ ისინი აქციებს გაემიჯნენ. დარჩა მხოლოდ ღამის სექს-კლუბების მფლობელები, მამათმავლები და მათი დამცველები, ასევე ნარკოთავისუფლებისთვის მებრძოლი კატეგორია.

_ მათი მოთხოვნების ნაწილი დაკმაყოფილდა?

_ დიახ. მათ მოახერხეს ხმაურის ატეხა, ასევე პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენება და პროპორციული არჩევნების თემის წამოწევა.

_ მმართველმა პარტიამ ამას ნულოვანი ბარიერიც მოაყოლა. ოღონდ, არ ვიცით, გავა თუ არა პარლამენტში კენჭიყრისას ეს პროექტი.

_ არა მგონია, ამას წინაღობები შეხვდეს. ივანიშვილმა ეს დაპირება იმიტომ გასცა, რომ პროპორციული სისტემა და ნულპროცენტიანი ბარიერი თავადაც აწყობს.

_ აქამდე მაჟორიტარებს ებღაუჭებოდნენ.

_ რთული სიტუცია შეიქმნა, როცა უკვე ყველა, ტაქსის მძღოლით დაწყებული, გლეხით დამთავრებული, ივანიშვილს აგინებს. ხალხი პრობლემებს მის სახელს უკავშირებს და მთელ პასუხისმგებლობას მას აკისრებს.
ივანიშვილმა მოიფიქრა გამოსავალი, როგორ გადაანაწილოს პასუხისმგებლობა. მომავალ პარლამენტში ამ სისტემით შეიყვანენ ბევრ სუბიექტს. პირველ რიგში, ქოცებს, ნაცებს, ევრონაცებს, გირჩს, რესპუბლიკელებს, ლგბტ უფლებადამცველებს და ა.შ… ეს იქნება ყველაზე ჭრელი საკანონმდებლო ორგანო, რაც ქვეყანაში უკმაყოფილებას გამოიწვევს, თუმცა ამაზე უკვე კოლექტიური პასუხისმგებლობა დაეკისრება “ხალხის რჩეულ” პარლამენტს და არა ივანიშვილს. ხალხი ივანიშვილისკენ ხელს ვეღარ გაიშვერს. ამათ ხელში საქართველო გახდება ის, რაც იყო კუბა აშშ-სთვის. ჩვენს ქვეყანას ემუქრება დიდ ბორდელად, ნარკო-ჰაბად, ლგბტ და სათამაშო ინდუსტრიის დერეფნად გადაქცევა და გეოპოლიტიკური დაპირისპირების მორიგ პოლიგონად.

_ გეოპოლიტიკური დაპირისპირება ისედაც არსებობს და არამარტო საქართველოში.

_ მე უარესზე ვსაუბრობ. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების წინ მოსალოდნელია სამხედრო დაპირისპირება (სავარაუდოდ, ლოკალური ხასიათის) აშშ-სა და ირანს შორის. თურქეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი აშშ-ს ირანზე ავიადარტყმებისთვის თავის საჰაერო სივრცეს და მიწას არ დაუთმობს. ამერიკა გამოიყენებს საქართველოს ტერიტორიას. ამაზე ხალხი თუ აღელდება, ივანიშვილი უკმაყოფილებას და პასუხისმგებლობას ჭრელ პარლამენტზე და კოალიციურ მთავრობაზე გადაიტანს. ამ დღეში რომ არ ჩავცვივდეთ, უნდა შეიქმნას ჯანსაღი ძალების დიდი ერთობა.

_ ამ ძალებში ვის მოიაზრებთ?

_ კონსერვატიული ძალების ერთობას. უნდა გავერთიანდეთ ყველა, ვისთვისაც ღმერთი, სამშობლო, ოჯახი, ზნეობა, ტრადიციები არის მთავარი. ანუ, ყველა ქართველი უნდა გაერთიანდეს 30 წლის განმავლობაში თავსმოხვეული ლიბერასტული სისტემის წინააღმდეგ. ჩვენი ერთობა აუცილებელია. ახლა არ არის კინკლაობის და იმის თქმის დრო ვინ სად იყო ადრე და ვის რა ამბიციები აქვს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველო არ გადავაქციოთ მეორე კუბად და გეოპოლიტიკური დაპირისპირების ახალ პოლიგონად.

გაზიარება: