სეკულარიზმის წინააღმდეგ

მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი,
ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა. 

მოვლენები უნდა აიხსნას სულიერად. ოკუპაციაც, ერის გარყვნაც, პატრიოტიზმიც, კანონმორჩლებაც… ადამიანური ცხოვრების ყველა საკითხი სულიერ ჭრილში უნდა განიხილებოდეს და გადაიჭრებოდეს. ლიბერალები აცხადებენ: “ღმერთი ეძებეთ ტაძარში, სახელმწიფო სეკულარული სივრცეა”.

რას ნიშნავს სეკულარული სივრცე?
სეკულარული სივრცე არის სივრცე სადაც არ განადიდებენ უფალს, ანუ ჯოჯოხეთია სეკულარული სივრცე.

სახელმწიფოებრივი (თანამედროვე, ლიბერალური გაგებით) იდეოლოგიის თანახმად სეკულარული სივრცე ნიშნავს სივრცეს, სადაც საკითხები არ გადაიჭრება რელიგიურ კონტექტში. მაგრამ მართლმადიდებლობა რელიგია სულაც არ არის, მართლმადიდებლობა არის ცხოვრება ქრისტეში!

მართლმადიდებლობა არის ჭეშმარიტების გააზრება და დამოწმება ადამიანის მიერ, მართლმადიდებლობა თავად არის ცხოვრება! უფალი ამბობს – “მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე”, მართლმადიდებლობა კი ერთადერთი უალტერნატივო გზაა ღმერთთან ურთიერთობის, მასში მყოფობის, მასთან თანაჯვარცმისა და მასთან ერთად აღდგომის.

ლიბერალები დევნიან უფალს, ღვთის მადლს: სოციალური სივრციდან, სახელმწიფოდან, ადამიანური ცხოვრების ყველა გამოვლინებას ღმერთს უპირისპირებენ. ლიბერალური ფორმაცია ეშმაკს აძლიერებს, მას უთმობს ასპარეზს, ცოდვის ბნელ ძალას მოიხვეჭს და მისით ანაცვლებს უფლის გადამრჩენელ მადლს, ქმნის ნიადაგასა და ასპარეზს ანტიქრისტეს გამეფებისთვის, რამეთუ სადაც არ არის უფალი იქ არის ეშმაკი და სამოთხისა და მადლის არარსებობა არის ჯოჯოხეთი. სადაც ერთი (მადლი) არაა იქ მეორეა (ჯოჯოხეთი) და პირიქით.

ადამიანის სულიწმიდის მადლით განღმრთობა, სასუფევლის მოპოვება აქვე, მიწაზე იწყება და მარადიულად გრძელდება. უფლის სამეფო და ღვთის სუფევა უნდა დაიწყოს დედამიწაზე. ქრისტიანებმა მათი ცხოვრების ყველა გამოვლინებაში უნდა ადიდონ უფალი, დაიცვან და აღასრულონ ღვთის სიტყვა და მცნებები, ეს არის მთელი სახრება!

ყველგან და ყველაფერში, სიტყვითა და საქმით ღვთის დიდება არის ქრისტიანობა. ოჯახში, სამსახურში, სახელმწიფო სტრუქტურებში, მთავრობაში, პოლიციაში, ჯარში… ქრისტიანი ყველგან უნდა იყოს ქრისტიანი მთელი მისი არსებით. სწორედ ამასუპირისპირდება და წინ აღუგება ლიბერალიზმი.

“მოვედინ სუფევა შენი… ქვეყანასა ზედა”- ვკითხულობთ საუფლო ლოცვაში. ე.ი. ღვთის სუფევას ვითხოვთ მიწაზე, მისი ნების აღსრულებას, მის მეუფებას ვითხოვთ და ვევედრებით.

ღვთის სუფევა, ღვთის მეუფება თეოკრატიაა. ღვთის მცნებებითა და კანონებით, მათთან ჰარმონიულ ერთობაში შენება მიწიერი სამეფოსი, რათა ქვეყანას ჰქონდეს მფარველობა და კურთხევა ზეციდან.

ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსის განმარტებით, თეოკრატია არის მმართველობის ისეთი ფორმა, როცა ერი იმართება იმ კანონებით, რომელიც მისცა მათ ღმერთმა. საღვთო კანონების მორჩილება, სახელმწიფოს აგება ქრისტიანულ საფუძველზე, მისი განვითარების და კეთილდღეობის უმთავრესი წინაპირობაა, თანახმად სახარების მცნებისა: „ეძებეთ უპირველესად უფლის სასუფეველი და სიმართლე მისი, და ყოველივე ეს მოგეცემათ თქვენ“. (მათეს 6,33)

სწორედ ამას უპირისპირდება ლიბერალიზმი “სეკულარიზმის” სახელით!

უფლის მორჩილებითა და სასოებით გადაიჭრება ყველა პრობლემა დედამიწაზე და დალაგდება ყველაფერი თავის ადგილზე, „ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა“.

ხოლო ურჩთა და განდგომილთა ხვედრი მარადიული სატანჯველია, სასჯელი მიწაზეც და მარადიულ ცხოვრებაშიც.

„დასაბამი სიბრძნისაი, შიში უფლისაი” (ფს. 110).

გეგა ხვედელიძე

გაზიარება: