გსურს კი გაიგო, სად არის ძაღლის თავი დამარხული???!!!

„საზოგადოებრივი აზრის სასურველი მიმართულებით ფორმირების და მასების ცნობიერებაზე მანიპულირების უმთავრესი ელემენტი გახლავთ მმართველი ელიტის მიერ განხორციელებული (ან, განსახორციელებელი) მნიშვნელოვანი ზნეობრივ-პოლიტიკურ-ეკონემიკური პროექტებიდან საზოგადოების ყურადღების გადატანა ნაკლებად მნიშვნელოვანზე, ან საერთოდ უმნიშვნელოზე – გააჩნია როგორ შეფუთავს ამას კონტროლირებადი მედია… ყველაფერი კეთდება მოქალაქის ყურადღების მოსადუნებლად, რომ მას აღარ დარჩეს დრო სიტუაციის გაანალიზების, რეალური პრობლემების დანახვის და სიღრმისეული შეფასების. მიზანმიმართულად არის შექმნილი ისეთი დუხჭირი გარემო, სადაც ადამიანს დრო აღარ რჩება შემეცნებისა და სულიერ-ინტელექტუალური განვითარებისათვის. ხალხი ყოფიერი, ყოველდღიური პრობლემების გადაწყვეტით ისე არის დაკავებული, რომ ვერც კი იცლის საკუთარი წვლილი შეიტანოს ქვეყნისა და სახელმწიფოს ღირსეული განვითარების საქმეში, როგორც სრულფასოვანმა მოქალაქემ.

ჩვენი თანა-მ ე დ რ ო ვ ე პოლიტ-ელიტა ხელოვნურად ქმნის პრობლემებს, მერე კი თავადვე გვთავაზობს „აუცილებლად გასატარებელი ზომებს“ ცნობადი სახეების პირითა და მეშვეობით. ეს ე.წ. „აუცილებლად გასატარებელი ზომები“ სინამდვილეში ხალხის კეთილდრეობისთვის კი არა, მმართველი ელიტის პირადი გამორჩენისა და ხელისუფლების შენარჩუნებისათვის არის გამიზნული.

არაპოპულარული, საერთო გულისწყრომის გამომწვევი გადაწყვეტილებების ხალხზე თავსმოხვევის ხრიკი მდგომარეობს იმაში, რომ შესაგუებელ რეფორმას „საზოგადოებას წარუდგენენ “მტკივნეულად აუცილებელ” ღონისძიებად, რათა მოცემულ მომენტში მიაღწიონ მოქალაქეთა თანხმობას მის განხორციელებაზე მომავალში: „ბევრად ადვილია მსხვერპლის გაღებას დაეთანხმო მომავლისთვის, ვიდრე მიმდინარე მომენტისთვის. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ეს უეცრად არ მოხდება. მეორეც, იმიტომ, რომ ხალხის მასა ყოველთვის ელოლიავება თავის გულუბრყვილო ოცნებას იმაზე, რომ „ხვალ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება” და, რომ მსხვერპლი, რომელსაც მისგან ახლა ითხოვენ, მომავალში საჭირო აღარ იქნება. ამგვარი პოლიტიკა მოქალაქეებს ნელ-ნელა აჩვევს მოსალოდნელ ცვლილებებს და როდესაც დრო მოვა მათი მიღების პრობლემა არ იქნება, ადამიანები უკვე მორჩილად ღებულობენ ამ პირობებს“ – ნოამ ჩომსკი (მანიპულაციის 10 სტრატეგია მასმედიის მიერ)

ქართველები ემოციურები ვართ და სწორედ ემოციაზე გათვლით ხდება ხშირად „მართული ქაოსის შექმნა“, რაც კლასიკური ხრიკია იმისათვის, რომ მაქსიმალურად შეზღუდონ ადამიანთა რაციონალური ანალიზის უნარი. შედეგად კი ვიღებთ მიმდინარე მოვლენის კრიტიკული გააზრებისთვის აუცილებელი სულიერ-ინტელექტუალური ძალების ატროფიას, რადგან ემოციური ფაქტორის გამოყენება გზას უკვალავს ქვეცნობიერს ნაჩქარევი გადაწყვეტილების, თვითგადარჩენის, შიშის და ქცევის გარკვეული მოდელებისკენ…

ლომაია-გვარამია-ჯეჯელავასეული რეფორმებიდან მოყოლებული დღემდე, მდაბიო განათლების კულტივირებით, ახალგაზრდობის უმეცრებაში დამკვიდრების პრაქტიკა ის მეთოდია, რომელიც საზოგადოებას ხდის უუნაროს გამოიცნოს ის ხერხები და მეთოდები, რომელთა მეშვეობითაც მათ აზროვნებას მმართველი ელიტის სურვილს უმორჩილებენ.
ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ უმეცრება, რომელიც საზოგადოების დაბალ კლასებს მმართველი ელიტისგან განაცალკევებს, წარმოაჩინონ თანამედროვე ტრენდად: სიცრუე საღდება მოხერხებულობად, გარყვნილება = ბუნებრივ ზნედ, აღვირახსნილობა = თავისუფლებად, თავხედობა – პირდაპირობად, პირმოთნეობა = ტოლერანტობად, და ა.შ… ჭეშმარიტი ფასეულობები დაცინვისა და დამცირების საგნად არის ქცეული, ხოლო ყალბი ღირებულებების პროპაგანდა, რომელთა რეკლამირებაც გამუდმებით მოედინება კონტროლირებადი ტელესივრციდან, დღევანდელ დღეთა დახვეწილი საცდურია. ამ მარკის ქვეშ საღდება პროგრესის, განათლების, ცივილიზაციისა და კულტურის ფალსიფიკაცია, რომელსაც ადამიანს ნელ-ნელა აჩვევენ. თავიდან იგი გრძნობს, რომ სიცრუე სიცრუეა, შემდეგ კი წინააღმდეგობა ღლის და მასობრივი საინფორმაციო საშუალებებიდან გამუდმებით შემოჩეჩებულ სიცრუეს სიმართლედ იღებს. თუ ადამიანი ამ პროპაგანდის ტყვეობაში აღმოჩნდება, რა მძლავრ ინტელექტსაც არ უნდა ფლობდეს იგი, ბრძოლის შედეგი წინასწარ არის განსაზღვრული…

არის სიტყვა „უმსგავსობა“. ჩვეულებრივ მისი შინაარსი ესმით, როგორც ულამაზო ან აღმაშფოთებელი საქციელი, მაგრამ სინამდვილეში ამ სიტყვის აზრი გაცილებით საშინელი, შეიძლება ითქვას, ავისმომასწავებელია. ადამიანი ღვთის ხატია. უმსგავსობა ღვთის ხატის დაკარგვაა, რის შედეგადაც ის სიცრუის მამის = დემონის ხატი ხდება.

ლევან ჩაჩუა

გაზიარება: