ათონის ივერონის მონასტერში ივერიის ღვთისმშობლის ხატი გაძარცვეს

2019 წლის 13 ივნისს, ღამით, ათონის ივერონის ძველ მონასტერში უცნობმა პირებმა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის მინა გატეხეს (საუბარია “პორტაიტის”, იგივე “კარის ღვთისმშობლის” ხატზე) და ყველა ძვირფასეულობა მოიპარეს, რომლითაც ხატი მორთული იყო. ​ამის შესახებ ინფორმაციას „ათონიტის“ პორტალის კორესპონდენტი Romfea -ს ვებ-გვერდზე დაყრდნობით ავრცელებს.

დანაშაული რამდენიმე წუთში, პარაკლისზე კანდელების ასანთებად მოსულმა მონაზონმა აღმოაჩინა და დაუყოვნებლივ შეატყობინა წინამძღოლ არქიმანდრიტ ნათანაილს.

გამოცემის ცნობით, პოლიციამ, სანაპირო დაცვამ და ათონის ადმინისტრაციამ ერთობლივი, ოპერატიული მოქმედებები განახორციელა დამნაშავეთა გამოსავლენად და მოპარული ნივთების დასაბრუნებლად.

ამ დროისთვის, ხუთი ეჭვმიტანილიდან სამი დაკავებულია. წინასწარი ინფორმაციით, ისინი რუმინეთიდან არიან.

ყველა ძვირფასეულობა დაბრუნებულია. დამნაშავეებმა, როდესაც დაკავების საფრთხე იგრძნეს, ნაძარცვი ძვირფასეულობა მთის ხევში გადაყარეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

გაზიარება: