ხვალ არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა საქართველოსთვის – იხსნება ივერის ღვთისმშობლის ტაძარი მახათას მთაზე!

ჩვენი დროის ღირსი მოღვაწე, არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) წერს: ხატზე “დიდება საქართველოს საკათალიკოსო ეკლესიისა” ქრისტეს მარჯვნივ გამოსახულია დედა ღვთისა: მას ხელში უპყრია ომოფორი – ვიწრო, გრძელი თავსაბურავი, რომელსაც იუდეველი ქალწულები იფარებდნენ თავზე. დედა ღვთისა თავის ბრწყინვალე ომოფორს განართხამს საქართველოს ეკლესიაზე; ასე ოდესღაც მან ვლაქერნის ტაძარში მლოცველებზე განიპყრო ომოფორი, როცა კონსტანტინოპოლი მტრის ალყაში იყო მოქცეული, თითქოს გიგანტური რვაფეხას საცეცებში მომწყვდეული.

საეკლესიო გადმოცემა გვაუწყებს, რომ ივერია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამოციქულო ხვედრია. ქრისტეს ამაღლების შემდეგ მოციქულები სიონში, მოციქულ მარკოზ იოანეს სახლში შეიკრიბნენ, რათა გადაეწყვიტათ, რომელ ქვეყანაში წავიდოდა თითოეული მათგანი. ქალწულმა მარიამმა ისურვა, მოციქულის ღვაწლი ეტვირთა – ქრისტიანობა ექადაგა – და მას წილად ხვდა ივერია. დედა ღვთისა მოემზადა გასამგზავრებლად, მაგრამ მას უფალმა იერუსალიმში დარჩენა უბრძანა და აღუთქვა, რომ მისი წილხვედრი შემდგომში ეზიარებოდა ნათელს. მაშინ ღვთისმშობელმა იხმო მოციქულები – ანდრია და სვიმეონი – და მათ თავისი ხელთუქმნელი ხატი გადასცა საქართველოს საკურთხებლად. ცნობები ამის შესახებ დაცულია ქართულ და რუსულ მატიანეებში, აგრეთვე ნიკონ შავმთელის ერთ თხზულებაში. საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილი უწოდა ბოლო დროის უდიდესმა წმინდანმა – ღირსმა სერაფიმ საროველმა, რომელსაც თავის სიცოცხლეში ბევრჯერ გამოეცხადა ზეცის დედოფალი.

დანიელ წინასწარმეტყველის წიგნში აღწერილია ანგელოზების საიდუმლო ბრძოლა საღმრთო საყდრის წინაშე. ერთ ანგელოზს სიმბოლურად ჰქვია “მთავარი მეფობისა სპარსთაისაი” (დანიელი, 10, 13), ხოლო მეორეს – “მთავარი ელლინთაი” (დანიელი, 10, 20). მათი წინააღმდგომი მთავარანგელოზი გაბრიელია.

ეგზეგეტები, ბიბლიის განმმარტებლები, გვიხსნიან, რომ ზეციური ეკლესია მონაწილეობს ღვთის განგებულებაში მსოფლიოს ხალხებზე – ყოველ ქვეყანას, ხალხს და ტომს მიეცა მფარველი ანგელოზი, და ანგელოზების სიმბოლური ბრძოლა არის მათი ლოცვა მსოფლიოს ხალხებისათვის. ამ შემთხვევაში იუდეველი ხალხის ზეციური მფარველი – გაბრიელ მთავარანგელოზი ლოცულობდა ბაბილონის ტყვეობის დასრულებისათვის და იუდეველი ხალხის სამშობლოში დაბრუნებისათვის, რათა მათ აღედგინათ იერუსალიმის ტაძარი.

სპარსელი ხალხის ანგელოზი ლოცულობდა ბაბილონის ტყვეობის გაგრძელებისათვის, რათა სპარსელებს ებრაელი ხალხის მეშვეობით მიეღოთ ერთი ღმერთის რწმენა. ორივე ანგელოზი ღვთის დიდების მოშურნე იყო, ორივე ლოცულობდა ხალხის ცხონებისათვის. ამიტომ ანგელოზების ლოცვა იყო კეთილმსახური ბრძოლა, ანგელოზების სიყვარულის გამოვლინება მათ მფარველობაში მყოფი ხალხის მიმართ.

საქართველოს მფარველი ანგელოზი თვით ზეციერი დედოფალია. ეს უდიდესი წყალობაა, მაგრამ მიწიერ სიბრტყეზე ეს არის საღმრთო მოწოდება ღვაწლისა და თავდადებისაკენ” (არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი), “ხატი “დიდება საქართველოს საკათალიკოსო ეკლესიისა”, გვ. 5-7, თბილისი 2006 წ., ქართულ ენაზე).

გაზიარება: