წყალგამყოფი თვალნათელია, არჩევანი ყველა ქართველისთვის გასაკეთებელი!

ე.წ. “მარიხუანას ლეგალიზაციის ფესტივალის” წინ ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ღიად უცხადებს პროტესტს და უპირისპიტრდება ყველას (საპატრიარქოს, კონსერვატიულ პოლიტიკურ ძალებს, ეროვნულ-სარწმუნოებრივი ცნობიერების საზოგადოებას და ა.შ.) ვინც ხაზის მოპირდაპირე მხარეს დგას.

17 მაისის კონცერტის წინ კი, რომელიც საპატრიარქომ დანონსა, რეალურად გამოჩნდა ე.წ. “ინტელიგენციის” სულიერი სახე, მათი ცნობიერება და ნამდვილი დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ, როდესაც ე.წ. “ბულინგის” შიშით უარი განაცხადეს ამ კონცერტში მონაწილეობაზე!

აქედან კიდევ ერთხელ გამომდინარეობს დასკვნა, რომ დღევანდელ საქართველოში უკვე აშკარად გამოიკვეთა ორი ბანაკი პოლიტიკოსებშიც და საზოგადოებაშიც – არსებობს ე.წ. ლიბერალური ფრთა, რომლისთვისაც უკვე არაფერი წმინდა აღარ არსებობს და მათთვის ყველაფერი ქვეგრძნობებზე, ინსტინქტებზე და ცოდვის ფეტიშიზმზეა დაყვანილი; ბარიკადის მეორე მხარეს კი დგას საზოგადოების კონსერვატიული, ქრისტიანი ნაწილი. ეს უკვე არის იდეოლოგიური ომი, ქართულ ცივილიზაციაში დღეს შემოსულია უცხო სხეული, ხიჭვი, რომელიც შიგნიდან ცდილობს ქართული ორგანიზმის მოწამვლას.

დღეს გამოდიან ადამიანები, სხვადასხვა არასამთავრობოები, რომლებიც იძახიან, – ჩვენ გვაქვს უფლებები და მიგვიღეთ ისეთები, როგორებიც ვართო. რა პრობლემაა ის, რომ მათ აქვთ უფლებები? ვისაც ელემენტარული ქრისტიანობის დონე გაგვაჩნია, უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანის თავისუფალ ნებაზე აგრესიით, დაშინებით, მუქარით არ უნდა ვიძალადოთ, არ უნდა ვცემოთ და ა.შ. საკითხი იმაში მდგომარეობს, რომ ყველა ეს ადამიანი, ეს ორგანიზაციები, ეს ძალები – ერთად იბრძვიან იმისთვის, რომ ჩვენთვის, მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის, ქართველი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის, ვისთვისაც ცხოვრების ამოსავალი წერტილებია ქრისტე და საქართველო, ჩვენი ეროვნული და სარწმუნოებრივი ღირებულებები, ტრადიციები, კულტურა – ასეთ ხალხს უნდა, გვათქმევინოს, რომ მათი ცხოვრების წესი არის ნორმა, ჩვეულებრივი და მისაღები.

ანუ მათი მთავარი მიზანია ეკლესიამ გააკეთოს კომპრომისი, რაც არასდროს მოხდება.

ამ ყველაფერს აქვს სულიერი, მისტიური არსი. ეს არის ბოროტის, დაცემული უწმინდური ძალის ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ, ადამიანთა სულების მოსატაცებლად.

ის ხალხი და ჯგუფები ვინც მათივე თქმით ხაზის მოპირდაპირე მხარეს დგანან რიგ შემთვევაში გაუაზრებლად, ზოგჯერ კი მიზან მიმართულად აღასეულებს კაცთა მოდგმის მტრის ნებას.

ამიტომ ჩვენი გაერთიანების, ანუ ხაზის საპირისპირო მხარეს დარჩენილი ხალხის საფუძველი უნდა გახდეს ქრისტე, რომელიც არის ლოდი თავკიდური (ფს. 117,22). და “ყოველი, რომელი დაეცეს ლოდსა მას ზედა, შეიმუსროს; და რომელსა ზედა დაეცეს, განანქრიოს იგი”. (ლუკა 20,18)

ხოლო ნებისმიერი მქვეყნიური შრომა [მათ შორის სიციალურ-პოლიტიკური], სულიერი საფუძვლის გარეშე წააგავს მითიური სიზიფეს ლოდს. მას (სიზიფეს) ლოდის მთის მწვერვალზე ატანისას, ყოველ ჯერზე კვლავ უკან უგორდება ეს ლოდი დაუსრულებლად. ერთ დღესაც თავად სიზიფე შეიძლება გადასრისოს ამ ლოდმა და ის უნაყოფო შრომის დასასრულის სიმბოლოდაც იქცეს…

შესაბამისად ქართველი ერი სანამ მხსნელს, ორიენტირს, გზას – ქრისტეში არ განსაზღვრავს, არჩევანს სულიერზე და გააკეთებს, ორიენტირად უპირველესად ცათა სასუფეველს არ დაისახავს და შესაბამისად – მიწიერ (სახელმწიფოებრივ) სიბრტყეში არ გაატარებს ქრისტიანულ, ზნეობრივ, მართალ პოლიტიკას – ამ სიტყვის ფართო გაგებით, როგორც მთელი ერის ცხოვრებისა და მუშაკობას – ერთობის, განვითარების, გაძლერებისა და გაბრწყინებისთვის – იქნება დაცემული და მისი ყოფნა არ ყოფნის დილემაც დადგება.

წმიდა იოანე ოქროპირი გვასწავლის: “როცა შენ გესმის: “მიეცით კეისრისა კეისარსა”, ამაში იგულისხმე მხოლოდ ის, რაც ოდნავადაც არ ვნებს ღვთისმოსაობას, რადგან ყველაფერი ღვთისმოსაობის საწინააღმდეგო არ არის უკვე ხარკი კეისრისა, არამედ ხარკი ეშმაკისა”.

შესაბამისად ჩამოსაყალიბებელია ახალი პოლიტიკური პლატფორმა, ცენტრი, ეროვნულ-კონსერვატიულ და ქრისტიანულ სულიერ ფასეულობებსა და ორიენტირებზე დაფუძნებული.

ნებისმიერი ძალა, რომელიც ქართველი ერის სულიერ არსს, მის შინაგან სულიერ ბირთვს – ეროვნულ-ქრისტიანულ ცნობიერებას უარყოფს არის უცხო პარაზიტი სხეული ერის სოციალურ-პოლიტიკურ თუ კულტურულ ცხოვრებაში.

დრო ცოტაა და საჭიროა ყველა განსაცდელის გათვალისწინებით [რომელთა დაშვება ღვთისგან სწორედ ერის განსასწავლად ხდება “მე რომელნიცა მიყუარდენ, ვამხილებ და ვასწავებ. ეშურებოდე უკუე და შეინანე”. (გამოცხ. 3,19)] ერმა სწორი, მართებული დასკვნები გააკეთოს.

“გაიხსენე, საიდან დაეცი, მოინანიე და უწინდელ საქმეებს მიჰყავი ხელი”. (გამოცხადება 2,5)

ჩვენი (ქართველების) საქმე ლოცვა და შრომა იყო ისტორიულად – ღვთის სადიდებლად და სამშობლოს სასარგებლოდ.

გეგა ხვედელიძე

გაზიარება: