უბილეთო მგზავრობისათვის, ნაცვლად 5 ლარისა, 20 ლარით მოხდება მგზავრების პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრა, საურავი კი, ორმაგი ოდენობით განისაზღვრება (ნაცვლად 50 ლარისა) – მგზავრი ასევე ვალდებული იქნება მგზავრობის დასაწყისიდანვე შეიძინოს ბილეთი

მომავალ სასესიო კვირას (28-31 მაისი) პარლამენტი III მოსმენით განიხილავს საქართველოს კანონის პროექტს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რაც მგზავრების უბილეთო მგზავრობისათვის პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრას, ნაცვლად 5 ლარისა, 20 ლარით ითვალისწინებს. ამავე კანონპროქტის მიხედვით, საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით განისაზღვრება (ნაცვლად 50 ლარისა).

აღნიშნული ინიციატივა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს ეკუთვნის და მომხსენებელი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა იქნება.

„წარმოდგენილი კანონპროექტის შესაბამისად ხდება მგზავრების უბილეთო მგზავრობისათვის, აგრეთვე ათიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ მიწისზედა ელექტროტრანსპორტით და ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით წაყვანისათვის პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრა 20 ლარით (ნაცვლად 5 ლარისა). ამასთან, მგზავრი ვალდებული იქნება მგზავრობის დასაწყისიდანვე შეიძინოს ბილეთი ან ელექტრონული გადახდის საშუალებით განახორციელოს მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხის გადახდა. გარდა ამისა ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის შესაბამისი მუხლით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ სამართალდარღვევისათვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით (ნაცვლად 50 ლარისა)“, აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

გაზიარება: