სახარება ნათელია, რომელსაც ვერ უძლებს ცოდვით დაბნელებული ლიბერალი

სახარება ნათელია, რომელსაც ვერ უძლებს ცოდვით დაბნელებული ლიბერალი. მას სურს ჩააქროს ეს ნათელი, ან დაამახინჯოს ქრისტიანობის არსი. მაგრამ, სანამ ქრისტეს სწავლება არსებობს, კაცთა მოდგმა განისჯება და იმხილება მის მიერ, და რომელ ცოდვილს სურს სარკეში საკუთარი სიმახინჯის დანახვა?!

უფალი ამბობს, რომ სოფელი ესე ბოროტებასა ზედა დგას. ჭეშმარიტი მორწმუნეები ყოველთვის დევნილები იქნებიან. ეკლესიის ისტორიის მანძილზე ქრისტეს სწავლების მდევნელები სისხლიან ტერორს ყოველთვის ჰუმანისტური და ლიბერალური პოზიციიდან წარმართავდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ ქრისტიანები არიან კაცთმოძულეები, რადგან საკუთარ თავსაც და სხვებსაც ცხოვრების სიხარულს ართმევენ. ეკლესიის ერთგულებას ისინი ფანატიზმად მიიჩნევდნენ. ქრისტიანების ყველაზე საშინელი მდევნელის – დეოკლიტიანეს ეპოქაში ბეთანიის მმართველმა ფელიქსმა დაწერა წიგნი, სადაც არწმუნებდა ქრისტიანებს, რომ წარმართებსა და მათ შორის დიდი განსხვავება არ იყო, და კომპრომისულ გადაწყვეტილებას სთავაზობდა: ქრისტიანებს ეძლეოდათ უფლება თაყვანი ეცათ ქრისტესთვის, მაგრამ, ამავე დროს მონაწილეობა უნდა მიეღოთ წარმართულ ბაკქანალიებშიც. როდესაც ის დარწმუნდა, რომ ამ ჩანაფიქრიდან არაფერი გამოვიდოდა, ქრისტიანების ყველაზე საშინელი მდევნელი გახდა, თავად იგონებდა ტანჯვის ახალ-ახალ მეთოდებს და დეოკლიტიანეს უფრო ძლიერი სისასტიკისაკენ მოუწოდებდა.
ეკლესიამ, რომელიც დაფუძნებულია მოწამეების სისხლზე, არა მხოლოდ გაუძლო დევნას, არამედ გაიმარჯვა კიდეც ყველა დროის ღვთისმბრძოლებზე!

ლიბერალიზმი – ქრიტიანობის მტერია, რომელთანაც მოლაპარაკება არ შეიძლება. ყოველ დათმობას ის თავის გამარჯვებად აღიქვამს და კიდევ უფრო აძლიერებს ეკლესიაზე თავდასხმას.

ეკლესია დედამიწაზე არის ხილული და სრულიად განსაზღვრული საზოგადოება. ამას მოწმობს უფლის სიტყვები: “და თუ არც მათსას შეისმენს, უთხარი ეკლესიას; ხოლო თუ არც ეკლესიისას შეისმენს, მაშინ იყოს იგი შენთვის ვითარცა მებაჟე, ან წარმართი” (მათე 18:17), მაცხოვრის ამ სიტყვაში “ეკლესია” ნაგულისხმევია არა რაღაც ამორფულ, განყენებულ და განუსაზღვრელ ცნებად, არამედ, როგორც სრულიად კონკრეტული, ხილული და სხვა საზოგადოებებისგან მკაფიოდ გამოსარჩევი საზოგადოება, რომელსაც საკუთარი წესები გააჩნია და შესაძლებლობას აძლევს ყველა მის წევრს, მიმართოს მას, ამა თუ იმ საკითხის გასარკვევად.
წმინდა მღვდელმთავარი ნექტარიოს ეგინელი ბრძანებს: “მხოლოდ ეკლესიას მიჰყავს მორწმუნეები ქრისტესთან და აძლევს მათ წმიდა წერილის სწორი გაგების შესაძლებლობას. ეკლესიის გარეშე ვერავინ შეუერთდება ქრისტეს სხეულს, ვერავინ გახდება ქრისტეს თანაზიარი. ეკლესიის გარეთ არ არსებობს ცხონება. გამოსყიდვის საქმე – ეს უბრალო თეორია როდია. ეს არის მისტიკური აქტი, რომელიც ქრისტეს ხილულ ეკლესიაში აღსრულდება”.

წმიდა მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი შეგვაგონებს: „გინდა ცხონება? – იყავი ეკლესიაში და იგი არ გაგცემს შენ. ეკლესია ზღუდეა: თუ ამ ზღუდის შიგნით იმყოფები, მგელი ვერ შეგეხება; ხოლო თუ გარეთ გახვალ, ნადირი მოგიტაცებს. ნუ განეშორები ეკლესიას, ქვეყნად მასზე ძლიერი არაფერია; ის არის შენი იმედი, მასშია შენი ცხონება“.

წმიდა კვიპრიანე კართაგენელი: “ყოველი, ვინც ეკლესიას განეშორება, მემრუშე ცოლს ემსგავსება და უცხო ექმნება აღთქმულ სასუფეველს. ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, იმისთვის ღმერთი მამა ვერ იქნება”.

წმიდა ტიხონ ზადონელი: “ვინ არის წმიდა ეკლესიის ჭეშმარიტი შვილი? ის, ვისაც სწორი სარწმუნოებით და გულით სწამს ქრისტე, მიღებული აქვს ნათლობა, თავისი სარწმუნოებით და ცხოვრებით ემსახურება ქრისტეს, აქვს ჭეშმარიტი შიში ღმრთისა, ისწრაფვის, რომ ყოველგვარ ცოდვას ებრძოლოს და კეთილი საქმეები აკეთოს“.

წმიდა მღვდელმთავარი თეოფანე დაყუდებული: „ცხონებისათვის მადლია საჭირო; სად მიიღებ მას ეკლესიის გარეთ? მადლი მოგვეცემა წმიდა საიდუმლოებების მეშვეობით, ხოლო ისინი წმიდა ეკლესიაში ინახება. საიდუმლოთა შესასრულებლად საჭიროა სამღვდელოება; ჭეშმარიტი სამღვდელოება კი მხოლოდ ეკლესიაშია. გამოდის, რომ ვინც ეკლესიის გარეშეა, მას არც სამღვდელოება გააჩნია, არც საიდუმლოებები და არც მადლი“.

წმიდა მღვდელმთავარი ირინეოს ლიონელი: “სხვაგან არ უნდა ვეძებოთ ჭეშმარიტება, რომელსაც ადვილად მივიღებთ ეკლესიისაგან, რადგან მოციქულებმა როგორც სალაროში, ისე შეინახეს ეკლესიაში ყველაფერი, რაც ჭეშმარიტებას შეეხება; ყოველი მსურველი მიიღებს მისგან საცხოვნებელ სასმელს. სწორედ იგია კარი ცხოვრებისა, ხოლო ყველა სხვა მასწავლებელი მპარავი და ავაზაკია. ამიტომაც უნდა განვერიდოთ მათ“.

წმიდა ეფრემ ასური: “ნეტარ ხარ შენ, მართალთა ეკლესიაო, რამეთუ მეუფეთა მეუფემ შენ შორის დაიდგა საყდარი. შენი საძირკველი არასოდეს შეირყევა, რამეთუ უფალია შენი მცველი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოგერევიან შენ, მტაცებელი მგლები ვერ შემუსრავენ და ვერ შეასუსტებენ შენს სიმტკიცეს. ო, რა დიდებული და მშვენიერი ხარ შენ, სახლო ღმრთისაო!”

წერილი შედგენილია მართლმადიდებელი ეკლესიის მამათა ქადაგებების მიხედვით…

ლევან ჩაჩუა

გაზიარება: