სახალხო დამცველი თამარ ჭოხონელიძეს მიმართავს და სრულ მხარდაჭერას უცხადებს

სახალხო დამცველი მომღერალ თამარ ჭოხონელიძეს სრულ მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ ლომჯარიამ სოციალურ ქსელ Facebook-ზე დაწერა. ლომჯარიას თქმით, თამარ ჭოხონელიძემ ტელეკომპანია „ტვ-პირველის“ ეთერში ძალიან სწორი და ჯანსაღი სამოქალაქო პოზიცია დააფიქსირა.

„მინდა ჩემი პატივისცემა გამოვხატო ქ-ნი თამრიკო ჭოხონელიძის მიმართ, რომელმაც TV პირველის ეთერში ძალიან სწორი და ჯანსაღი სამოქალაქო პოზიცია დააფიქსირა ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობის, ურთიერთპატივისცემის და შემწყნარებლობის დასაცავად. მინდა ვუთხრა მასაც და მის მდგომარეობაში მყოფ სხვა მოქალაქეებს, რომ ის სიძულვილი, რასაც, ალბათ, სოციალურ ქსელებში ბოლო პერიოდში აწყდებიან, ძალიან ხელოვნური, გადაჭარბებული და ხშირ შემთხვევაში არარსებულია. ეს საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი და ვიცი. ეს სიძულვილი და აგრესია ხელოვნურად შექმნილი და ორგანიზებულია გარკვეული ჯგუფების მიერ იმისთვის, რომ ადამიანებს, რომლებიც თავისუფლად და გაბედულად აფიქსირებენ აზრს, დამაშინებელი გარემო შეუქმნან, შექმნან შთაბეჭდილება, თითქოს ბევრი ფიქრობს ასე და შენ ხარ უმცირესობაში, დათრგუნონ ადამიანებში აზრის თავისუფლად გამოხატვის სურვილი და ამით აშანტაჟონ პოლიტიკოსები, ხელისუფლება, პოლიტიკური პარტიები, ინსტიტუციები, კანდიდატები – გაატარონ მათთვის სასურველი პოლიტიკა.

ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ყველამ თავისუფლად, არააგრესიულად და არგუმენტირებულად გამოხატოს თავისი პოზიცია და ამიტომ ქ-ნი თამრიკოს პოზიციონირება მჯერა, რომ გადამდები იქნება სხვებისთვისაც. საზოგადოებამ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ არ ვართ ისეთი პრიმიტიულები, როგორც ზოგიერთ პოპულისტს სურს რომ წარმოგვაჩინოს, ჩვენ არ ვართ ისეთი აგრესიულები, როგორც რამოდენიმე ჯგუფი ცდილობს, რომ სოციალურ ქსელში დახატოს. მე ბევრ ადამიანს ვხვდები და ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, ხალხს უნდა არა პოპულიზმი, აგრესია და ექსტრემიზმი, არამედ კრიტიკული, ობიექტური და ჯანსაღი პოზიციონირება. ასე რომ, საზოგადოება ძალიან სწორად აკეთებს დასკვნებს, სად არის საღი აზრი“. – განაცხადა ლომჯარიამ

შეგახსენებთ, ტვ პირველის გადაცემა „რეაქციაში“ მომღერალმა თამრიკო ჭოხონელიძემ იმ აურაცხელ აგრესიაზე ისაუბრა, რომელიც მას შემდეგ მიიღო, რაც განაცხადა, რომ საპატრიარქოს მიერ დაგეგმილ 17 მაისის გალა-კონცერტში მონაწილეობას არ მიიღებდა.

წყარო: https://www.primetime.ge/

გაზიარება: