მიტროპოლიტი იობი საქართველოს ეკლესიის მომავალზე

საბერძნეთში არის ერთ-ერთი ნათელმხილველი წმ. ბერი, რომელიც წინასწარმეტყველებს, რომ მეორედ მოსვლის წინ საქართველოში მოვა იოანე ღმრთისმეტყველი, რომელსაც სიკვდილი არ განუცდია. იგი ცოცხლად დამარხეს მისივე ბრძანებით მისმა მოწაფეებმა და მაშინ, როდესაც გათხარეს მისი საფლავი, იქ აღარ აღმოჩნდა წმინდანი. ეს ბერი წინასწარმეტყველებს, რომ იოანე ღმრთისმეტყველი ბოლო დროს საქართველოში იქადაგებს ჭეშმარიტ სარწმუნოებას. ხოლო წმ. დიდმოწამე გიორგი, როგორც მფარველი ქართველი ერისა, მოევლინება საქართველოს და განსწმენდს წმ. სინოდსო. მღვდელმთავრებიდან ვინც დაემორჩილება, წავა ერში და იქ იცხოვრებსო, ხოლო ვინც არ დაემორჩილება, ყველას თვალწინ დაიფერფლებაო. ასეთი წინასწარმეტყველებაა. ეს მე ვუთხარი მის უწმიდესობას და მან ასეთი რამ ბრძანა, მეუფეო, ეს წინასწარმეტყველება საოცრება არის, პირველად მესმისო და თქვენ იცით, რომ წმ. გიორგი და წმ. ნიკოლოზი სინოდის წევრები არიანო? ერთხელ, კომუნისტების დროს, როდესაც ჩემ წინააღმდეგ რამდენიმე მღვდელმთავარი ამხედრდა, იმდენად გაუსაძლისი მდგომარეობა შეიქმნა სინოდზე, რომ შევთხოვე წმ. გიორგის, რომ, წმიდაო გიორგი, დაამშვიდე ჩვენი სინოდი-მეთქი. ეს როგორც კი შევთხოვე, მაშინვე სინოდიდან გავიდნენ ის მღვდელმთავრები და დამშვიდდა ყველაფერიო. ეს ნიშანი მომცა წმ. გიორგიმ და ნამდვილად იგი არის სინოდის მთავარი წევრიო. ბერძენმა ბერმა ამის შესახებ არც კი იცის, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ასე წინასწარმეტყველებს, რომ ცოცხლად მოევლინება საქართველოს წმ. გიორგი და წმ. სინოდს განსწმენდსო. მართლაც, გასაწმენდი არის. ჩვენ ვიცით, რომ ყველა არ ემსახურება გულითა და სულით ღმერთს. ნამდვილად გაიწმინდება წმ. გიორგის მიერ. ეს განწმენდა ნიშნავს იმას, რომ ღირსეული და ერთგული მღვდელმთავრები განსაკუთრებით ილოცებენ უფლის წინაშე, რომ საქართველო გადარჩეს და სულიერად გაბრწყინდეს. ამაში მონაწილეობას მიიღებს წმ. დიდმოწამე გიორგი. წმ. გიორგის ხსენება საქართველოში ყოველდღიურად აღინიშნება და თქვენ წარმოიდგინეთ, დღესდღეობით 365-ზე მეტი წმ. გიორგის ტაძარია საქართველოში, დაახლოებით 400-მდე. ახლა ახალი 2019 წლის საეკლესიო კალენდარი გამოიცა, რომელიც მღვდელმონაზონმა პავლემ შეადგინა. ჩვენ გავაკეთეთ ისე, რომ არის დღეები, როდესაც ერთ დღეს წმ. გიორგის ორი სხვადასხვა ტაძრის დღესასწაული აღინიშნება სხვადასხვა ეპარქიაში. მე არ დამავიწყდება მისი უწმიდესობის სიტყვა, რომ წმ. გიორგი დიდად შეეწევა საქართველოსო. ჩვენ გვჯერა, რომ წმ. გიორგის წინამძღოლობით ვერც ხილული და ვერც უხილავი მტერი ვერაფერს დააკლებს სრულიად საქართველოს და მისი ძლევამოსილი მახვილი დათრგუნავს და განდევნის ხილულსა და უხილავ მტერს. მადლობა უფალს და მადლობა წმ. დიდმოწამე გიორგის ამ დიდი შეწევნისათვის, დიდი დახმარებისათვის.

მაღალყოვლადუსამღვდელოესი იობი, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი

გაზიარება: