არქიმანდრიტი კირიონი – ხელისუფლება რაღაც კორუფციულ გარიგებებშია აზერბაიჯანთან და არაფერს აკეთებს – 26 მაისი გარეჯშია და არა თავისუფლების მოედანზე, სცენას რომ აწყობენ საცეკვაოდ

„მე ვფიქრობ, ხელისუფლება რაღაც კორუფციულ გარიგებებშია აზერბაიჯანთან და არაფერს არ აკეთებს. 26 მაისი გარეჯშია და არა თავისუფლების მოედანზე, სცენას რომ აწყობენ საცეკვაოდ,“ – ამის შესახებ დავით გარეჯის არქიმანდრიტმა კირიონმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. მისი ინფორმაციით, მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე აზერბაიჯანულმა მხარემ კვლავ განაახლა საგზაო სამუშაოები.

როგორც არქიმანდრიტმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება უპრინციპოა და ვერ იცავს იმ ვალდებულებას, რაც ქვეყნის წინაშე აქვს.

„ისევ გააგრძელეს მუშაობა, ისევ თხრიან და ანგრევენ მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე კლდის ქანებს. ყველანაირი მოლაპარაკება ფალსიფიკაცია გამოდგა. გუშინ სახელმწიფოების პირველი პირები ელაპარაკნენ ერთმანეთს და აზერბაიჯანის მხრიდან დაპირება იყო, რომ სამუშაოები გაჩერდებოდა, მაგრამ დღეს ისევ ისე აქტიურად გაგრძელდა. მდგომარეობა ისეთია, რომ ხელისუფლება აბსოლუტურად პასიური და უპრინციპოა. ხელისუფლება არ არის თავის სიმაღლეზე, რომ საკუთარი ვალდებულება, რაც ქვეყნის და ერის წინაშე გააჩნია, ის განახორციელოს, ამიტომ ხალხმა უნდა დავიწყოთ. მე ვფიქრობ, 26 მაისი გარეჯშია და არა თავისუფლების მოედანზე, სცენას რომ აწყობენ საცეკვაოდ. უნდა გაგვართონ პატარა ბავშვებივით, ვითომ ყველაფერი რიგზეა. მე ვფიქრობ, ხელისუფლება რაღაც კორუფციულ გარიგებებშია აზერბაიჯანთან და არაფერს არ აკეთებს, არანაირ კოზირს არ იყენებს. როგორ შეიძლება, 6 კოზირი გქონდეს და 2 კოზირით გამარცხებდნენ?!“ – განაცხადა არქიმანდრიტმა კირიონმა.

გაზიარება: