მართლმადიდებლობა როგორც ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდეოლოგიის საფუძველი

„ისმინეთ! ხმა მღაღადებლისა: „გაუმზადეთ უფალს ბილიკი, მოასწორეთ გზა უდაბნოში ჩვენი ღმერთისთვის“. (ესაია 40:3)

დღეს, როდესაც ვსაუბრობთ ქართული სახელმწიფოებრიობის, ეროვნული განვითარების მომავალზე, ლიბერალი ოპონენტებისგან გვესმის: „თქვენ გსურთ თეოკრატია“ და ამას, როგორც არგუმენტს „გვიპირისპირებენ“. ხშირად საზოგადოების მორწმუნე ნაწილიც თავის მართლების პოზიციიდან იწყებს საუბარს, რომ მას არ სურს თეოკრატია.

განვიხილოთ თუ რა არის თეოკრატია და შესაბამისად ჩვენ, ქრისტიანებს როგორი სახელმწიფო გვსურს.

საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ ერთ-ერთ ქადაგებაში აღნიშნა: „ხანდახან გვესმის ასეთი სიტყვები ჩვენ არ გვინდა თეოკრატია, ამას ვინც ლაპარაკობს, ამას ვინც ამბობს ისიც არ იცის რა არის თეოკრატია. თეოკრატია ეს არის ღვთის ძალა, ღვთის მმართველობა. ეს იყო წინასწარმეტველების დროს, როცა უფალი თვითონ კარნახობდა ეუბნებოდა წინასწარმეტყველებს, რომ გადაეცით ერს, გააკეთოს ესა და ეს. არის თეოკრატია–ღვთის მმართველობა და არის კლერიკალური მმართველობა, კლერიკალური მმართველობა არავის უნდა, რომ სასულიერო პირი საერო პირი იყოს“.

თანამედროვე მსოფლიოში თეოკრატიული სახელმწიფო, ფაქტობრივად, არ არსებობს. შედარებისთვის, შეიძლება მიახლოებით თეოკრატიულად ჩავთვალოთ ვატიკანი ან ირანი, თუმცა ეს მაიხლოებით, რეალურად კი ისინი არიან კლერიკალური ტიპის სახელმწიფოები. კლერიკალიზმი და თეოკრატია განსხვავებული ტერმინები და ცნებებია. კლერიკალიზმი არის მმართველობის ის ფორმა, რომელსაც დღეს თეოკრატიას არქმევენ, ანუ ფორმა, როცა მმართველობით ორგანოებში წარმოდგენილია და მართავს სასულიერო იერარქია.

ისტორიკოს იოსებ ფლავიუსის განმარტებით, თეოკრატია არის მმართველობის ისეთი ფორმა, როცა ერი იმართება იმ კანონებით, რომელიც მისცა მათ ღმერთმა. საღვთო კანონების მორჩილება, სახელმწიფოს აგება ქრისტიანულ საფუძველზე, მისი განვითარების და კეთილდღეობის უმთავრესი წინაპირობაა, თანახმად სახარების მცნებისა: „ეძებეთ უპირველესად უფლის სასუფეველი და სიმართლე მისი, და ყოველივე ეს მოგეცემათ თქვენ“. (მათეს 6,33)
ამ სამყაროში მოქმედებს სულიერი, მისტიური კანონები და ყოველივე მიზეზ-შედეგობრივია, ადამიანისგან დამოუკიდებლად ეს კანონები სამყაროში მუშაობს და მხოლოდ მათთან ჰარმონიულ თანაარსებობას, მათ დაცვას, გათვალისწინებას შეუძლია მშვიდობისა და კეთილდღეობის მოტანა მიწიერი გაგებით.

ყველა სხვა იდეოლოგია, ფორმაცია, საზოგადოებრივ-პოლიტიკური განვითარების დისკურსი, რაც თავის თავში არ მოიცავს საღვთო კანონებთან ჰარმონიას და შესაბამისობას, მხოლოდ ქვიშაზე ნაგებკოშკს ჰგავს და არ გააჩნია მომავალი.

საქართველოს ისტორიას თუ გადავხედავთ ღვთისა და ერისთვის თავგანწირვა ურთერთს ენაცვლება და მთელი ჩვენი ისტორიის ლაიტმოტივი აღსრულებაა უპირველესი მცნებისა: „შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა. ესე არს დიდი და პირველი მცნებაჲ. და მეორე, მსგავსი ამისი: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თვისი. ამათ ორთა მცნებათა ყოველი სჯული და წინაწარმეტყუელნი დამოკიდებულ არიან” (მათ. 22,35-40)
ქართული იდეა არსით ზოგადსაკაცობრიო იდეაა: რამეთუ საქართველოს სულიერი მისია ქართულ ცნობიერებაში ჭეშარიტი სარწმუნოების დაცვისთვის, ქრისტეს რჯულის ურყევი დაცვისთვის მსახურებაა და ემსახურება კაცობრიობის ჭეშმარიტებით განათლებას.

არქიმანდრიტ რაფაელ კარელინს მოვუსმინოთ: „ქრისტეს კვართი საქართველოს ეკლესიის ყველაზე დიდი სიწმიდეა. საკრალური გაგებით სვეტიცხოვლის ტაძარში, როგორც სამეუფო კიდობანში დაბრძანებული საუფლო კვართი შეიძლება ვამსგავსოთ სულიერ მზეს, მიწის წიაღიდან უხილავ ნათელს რომ აფრქვევს, ან შევადაროთ თვალით უხილავ მიწისქვეშა წყაროს, რომელიც ყვავილებისა და მცენარეების ფესვებს კვებავს. უფლის კვართი ყოვლადწმინდა ქალწულმა მარიამმა თავისი ხელით მოქსოვა და მაცხოვრის სისხლმა განამეწამულა ჯვარცმის გზაზე: გეთსამანიიდან გოლგოთამდე. ამ სიწმიდის გამო მცხეთას “მეორე იერუსალიმად” სახელსდებდნენ.

სვეტიცხოვლის ტაძრის ინტერიერში აგებულია სამლოცველო, მსგავსი კუბუკლიისა, იმპერატორმა კონსტანტინემ რომ ააშენა უფლის საფლავზე, იერუსალიმის აღდგომის ტაძარში. იერუსალიმიდან მცხეთაში ჩამოტანილმა საუფლო კვართმა სულიერი კავშირით შეაერთა პალესტინა და საქართველო, უფლის აღდგომის ტაძარი და სვეტიცხოველი. საკრალურ სიბრტყეზე საუფლო კვართი სულიერი ცეცხლის სვეტია, ცამდე აზიდული, უფრო საკვირველი, ვიდრე ის სვეტი, მოსეს და ისრაელს რომ მიუძღოდა აღთქმული მიწისკენ სინას უდაბნოში. ეს არის ადგილი, სადაც ანგელოზები გარდამოდიან მიწაზე, ხოლო ადამიანთა სულები ზეცად მაღლდებიან ლოცვაში. სახარებაში წერია, რომ უკურნებელი სენით შეპყრობილი ქალი მიეახლა მაცხოვარს, საიდუმლოდ შეეხო მის კვართს და მყისვე განიკურნა ავადმყოფობისაგან (ლუკა, 8, 43-48). საუფლო კვართისგან ახლაც იკურნებიან ისინი, ვინც მას სარწმუნოებით და კრძალულებით მიეახლება”.


მამა რაფაელი (კარელინი), „საქართველოს ეკლესიის დიდების“ ხატის განხილვისას ასევე აღნიშნავს: „საქართველოს ეკლესიის დიდების ხატზე ცენტრალურ კომპოზიციას უფლის კვართი და სვეტიცხოველი წარმოადგენს. უფლის კვართს გარს საქართველოს წმინდანები ახვევია, ვითარცა მზისგან გამომავალი სხივები. ეს სიწმინდე საქართველოს ყველაზე დიდი კურთხევაა და იმედი იმისა, რომ ის დაიცავს მართლმადიდებლობას ქრისტეს მეორედ მოსვლამდე მთელ დედამიწაზე“.

მართლმადიდებლობა არ წარმოადგენს მხოლოდ ზნეობრივი წესების კოდექსს, ის სამყაროს სწორად შემეცნებისა და შესაბამისად სამყაროში საკუთარი თავის გააზრების ერთადერთი, უალტერნატივო გზაა.

წმიდა დიდმოწამე გიორგი სიმბოლოა საქართველოსი, ქრისტესთვის მებრძოლი რაინდი, ქრისტესთვის მოწამე. ქართული იდეის არსი სწორედ ბრძოლაა ქრისტესთვის, ქრისტეს რჯულის დამოწმება და ჯვარცმა ქრისტესთვის!

“ქართველი ქართველს უნდა ეფერებოდეს, იმიტომ, რომ: ”დამარხულ არს ენაი ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მესიისა საწამებლად, რაითა ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა” (იოანე ზოსიმე), ენაში აქ ორივე იგულისხმება ენაც და ერიც”. – ბრძანებდა ღირსი მამა გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი

წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ანდერძი: „ეძიებდეთ სიკვდილს ქრისტესთვის“ – იყო ქართველი ადამიანის ეროვნული საზრისი გამოხატული მართლმადიდებლობაში – ქრისტესთვის თავდადება.

შუა საუკუნეებში ქართველთა ცნობიერებაში: „ქართლად ფრიად ქვეყანაი აღირიცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების.” – ქართული ენა და მართლმადიდებლობა, ეროვნული და სარწმუნოებრივი სინთეზი იყო ფუნდამენტი ქართველთა განვითარებისა.
ქართული კულტურა, ქართული ხასიათი, ქართული ყოფა ჩვენმა ერმა ააგო და დააკავშირა ქრისტიანულ ღირებულებებზე, ყოველივე სადიდებლად ღვთისა აღესრულებოდა!

მამა გიორგი მთაწმინდელის მოღვაწობა განსაკუთრებულია ქართული ეროვნული იდენტობის განსაზღვრებაში. ჰაგიოგრაფი აღნიშნავს ანტიოქიის პატრიარქის მრჩევლების მიერ ქედმაღლურად დამცირებას მამა გიორგისთან ჩვენი ერის: ”დაღაცათუ ნათესავით ქართველი ხარ, სხჳთა კულა ყოვლითა სწავლულებითა სრულიად ბერძენი ხარ.” და წმინდა მამის დადებით დახასიათებას ასეთივე ქედმაღლობით პატრიარქის მიერ:”დაღაცათუ ნათესავით ქართველი ხარ, ხოლო სწავლულებითა და მეცნიერებითაჩუენივე სწორი ხარ”.წმინდა მამის პასუხს პატრიარქის მიმართ ასე გვაჩვენებს ჰაგიოგრაფი: ”ხოლო ნეტარმან ამან დაწყნარებით და ნელიად ჰრქუა პატრიარქსა, ვითარმედ:’ ჵ, წმიდაო მეუფეო, რაჲსათჳს-მე ესრეთ ადვილად ჴელ-ჰყავ დიდისა ამისა და მაღლისა საქმისა მოგონებად და აღსრულებად, და ვინ-მე არიან უგუნურნი იგი მომზრახნი შენნი, ანუ რად ესრეთ უგუნურად შეგირაცხიეს ნათესავი ქართველთაჲ წრფელი და უმანკოჲ? აჰა ესერა ვარ მე უნარჩევესი და უმდაბლესი ყოველთა ძმათა ჩემთაჲ. მე მოგცე მათ ყოველთა წილ პასუხი. მოღებად-ეც წიგნი მიმოსლვისაჲ ანდრია მოციქულისაჲ და მუნით გეუწყოს საძიებელი თქუენი”
და აგრეთვე: ”წმიდაო მეუფეო, რომელნი-ეგე ჩუენ უმეცრად და სუბუქად გუხედავთ და თავნი თქუენნი ბრძენ და მძიმე გიყოფან. იყო ჟამი, რომელ ყოველსა საბერძნეთსა შინა მართლმადიდებლობაჲ არაჲ იპოებოდა და იოვანე გუთელი ეპისკოპოსი მცხეთას იკურთხა”
შესაბამისად ვხედავთ, რომ მამა გიორგი ამტკიცებს ქართველთა გამორჩეულ სიმტკიცეს მართლმადიდებლობის დაცვაში!

ჩვენ ვიცით იოანე-ზოსიმეს წინასწარმეტყველური ხელნაწერი: “ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ” სადაც ვკითხულობთ:”დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მესიისა საწამებელად. რათა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა”. “და ესე ენაჲ შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაჲთა, მდაბალი და დაწუნებული – მოელის დღესა მას მეორედ მოსვლასა უფლისასა”.

ქართული მესიანური იდეა, სულიერი როლი და ესქატოლოგიური დანიშნულება გადმოცემულია სხვა ქართველ და არაქართველ მამებთან.

ქართველი ერის მისია, როგორც მართლმადიდებლობის დამცველის, ქრისტეს დამმოწმებლისა არის საუკუნეები ქართველთა ბრძოლისა და წინსვლის მამოძრავებელი მოტივაცია!

დავით აღმაშენებლის ბრძოლის წინა სიტყვა დიდგორის ველზე იწყება ასე: “ეჰეი მეომარნო ქრისტიანენო, თუ ღვთის სჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ”… სწორედ ღვთის სჯულის დასაცავად თავდადებით ბრძოლა, ჯვარცმა ქრისტესთვის, ქრისტესთვის სიკვდილის ძიება იყო ქართველთა ეროვნულ – სარწმუნოებრივი საზრისი. ეს არის წინაპართა გზა, რომლის მემკვიდრენიც ვართ დღეს და სხვა გზა ჩვენ არ გაგვაჩნია!

“ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დედა განსაკუთრებით მფარველობს საქართველოს და ჩვენ ამას ვხედავთ ჩვენი წარსულიდან. ზოგიერთი ფიქრობს, რომ მომავალში მთელ მსოფლიოს განსაცდელი ექნება, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გადააფარებს თავის კალთას საქართველოს და ვერავინ ვერაფერს დააკლებს მას. საქართველო გაბრწყინდება, არა მხოლოდ თვითონ გაბრწყინდება, არამედ მქადაგებელი იქნება ჭეშმარიტი სარწმუნოებისა, სიკეთისა და სიყვარულისა”, – ბრძანა ერთ–ერთ ქადაგებაში უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II–ემ.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვერანაირი იდეოლოგია, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ფორმაცია, ვერანაირი იდეა ვერ შეცვლის და ვერ ჩაანაცვლებს ქართველი ერის ერთადერთ სავალ გზას – მართლმადიდებლობას, რომელმაც აუცილებლად რაც შეიძლება მალე უნდა შეიძინოს პოლიტიკური ხასიათი! ეს ერთადერთი გზაა საქართველოს გადარჩენისა და განვითარების, მისი სამყაროში სწორი ადგილის დამკვიდრებისთვის!

ერმა, ერთობით უნდა განახორციელოს ეს იდეა: „ურთიერთარს სიმძიმე იტჳრთეთ და ესრეთ აღასრულეთ შჯული იგი ქრისტესი“. (გალატ. 6,2)

გეგა ხვედელიძე

გაზიარება: