კონსტიტუციური (სახალხო) მონარქიის შესახებ [ლევან ჩაჩუა]

შესავალი

ორასწლოვანი კოლონიალიზმით, ბოლშევიკური და ფერადი რევოლუციებითა თუ “ლიბერალური ექსპერიმენტებით” დაღლილ-დაქანცული და იმედგაცრუებული ქართველობა ნელ-ნელა აცნობიერებს და რწმუნდება, რომ საკუთარ ფესვებთან დაბრუნების გარეშე საქართველოს ღირსეული განვითარება შეუძლებელია.
ბოლო ჟამს დაწყებული ანტიეკლესიური და ანტიეროვნული კამპანიის მიუხედავად ჩვენი საზოგადოების 80%-ზე მეტი კვლავ მართლმადიდებელ ეკლესიას უცხადებს ნდობას, აღიარებს საქართველოს არა მხოლოდ ტერიტორიულ-მატერიალურ, არამედ სულიერს-ზნეობრივ და კულტურულ მემკვიდრეობასაც, ნდობას უცხადებს ქართული ცნობიერების ისტორიულ მესაჭეს და დამცველს – საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას და მიიჩნევს მას ერის სულიერ წინამძღოლად.
ეკლესიის მიმართ ერის ეს ისტორიული მადლიერება და სამართლიანობა საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ასახული და აყვანილია სახელმწიფოებრივ რანგში და მის გარანტად მირონცხებული მეფე გვევლინება. სწორედ ამ გზით იშვა “ძლევაი საკვირველი” და ამ გზით მავალმა ქართველობამ სახელმწიფოებრივად, პოლიტიკურად, ეკონომიკურად, კულტურულად, სოციალურად, და, რაც მთავარია, სულიერ-ზნეობრივად უმაღლეს საფეხურს მიაღწია. რაც შეეხება მადლიერებასა და სამართლიანობას ჩვენს დროში, ამაზე ყველა საქართველოს მოქალაქემ, განსაკუთრებით მათ, ვინც თავს მართლმადიდებელ ქრისტიანებად მიიჩნევენ, საკუთარი გააზრებული პოზიცია უნდა დააფიქსირონ, მით უმეტეს, რომ ძალადობრივად გაუქმებული მონარქიის თანამედროვე სახით (კონსტიტუციური მონარქია) აღდგენის პროცესის დაწყების მომსწრენი ვხდებით.
საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ ხალხი აჯანყებულიყოს მეფის ინსტიტუტის წინააღმდეგ. ქართველ ერს არასოდეს უთქვამს უარი მონარქიაზე. ჩვენ არც მეფე ჩამოგვიგდია, არც სამეფო ოჯახი დაგვიხოცავს, არც რეფერენდუმით გაგვიუქმებია მონარქია. ჩვენ ის ავტოკეფალიასთან ერთად ძალით გაგვიუქმეს. ამიტომ, ბუნებრივი კანონზომიერება და ისტორიული სამართლიანობა იქნება თუ ქართველი ხალხი თავად გადაწყვეტს მონარქიის ბედს საქართველოში.
კონსტიტუციური მონარქიის აუცილებლობაზე ფიქრისკენ მოგვიწოდა თავის ქადაგებაში ჩვენმა უწმინდესმაც: – „1801 წელს შეწყდა ბაგრატიონთა დინასტიის მეფობა საქართველოში და აქედან მოყოლებული ქართველი ხალხის ოცნება იყო, აღედგინა ეს უძველესი ღვთივკურთხეული დინასტია… მეფე არის გარანტი ქვეყნის მთლიანობის და ყოველი ადამიანის დაცვისა და შეიძლება მომავალში ქართველმა ხალხმა ამის შესახებ იფიქროს.“
ჭეშმარიტმა მართლმადიდებელმა მეფობის იდეა არ უნდა მიიღოს როგორც კეთილი სურვილი, რომანტიკული ან ტკბილი მოგონება, არამედ როგორც წმინდა წერილის შემადგენელი ნაწილი. წმინდა თეოდორე სტუდიელი ბრძანებს: – “ორი დიდებული ნიჭი მოგვცა უფალმა ღმერთმა ქრისტიანებს – მღვდლობა და მეფობა, რომელთა მიერ იმართება ჩვენი მიწიერი საქმეები ზეციურისდა მიხედვით”.
ბიბლია და მართლმადიდებელი ეკლესიის საღვთისმსახურო წიგნებში მეფეთათვის აღვლენილი მრავალრიცხოვანი ლოცვები მიუთითებენ სწორედ მონარქიის, როგორც ღვთივკურთხეული სახელმწიფო მოწყობის შესახებ, მოვიყვანთ რამდენიმე მაგალითს:
“საულის მოსვლამდე ერთი დღით ადრე გამოეცხადებინა უფალს სამუელისათვის: ხვალ ამ დროს კაცს გამოგიგზავნი ბენიამენის მხრიდან და სცხებ მას ჩემი ერის, ისრაელის, მეფედ: იგი იხსნის ჩემს ერს ფილისტიმელთაგან, რადგან მოვხედე მე ჩემს ერს, როცა მისმა ღაღადისმა ჩემამდე მოაღწია. დაინახა სამუელმა საული და უფალმაც დაუდასტურა: აჰა, ის კაცი, რომელზეც გელაპარაკე. იგი იმეფებს ჩემს ერზე”. (1მეფ. 9, 15-17)
“ამეტყველდა დანიელი და თქვა: “კურთხეულ იყოს ღვთის სახელი უკუნითი უკუნისამდე, რადგან მისია სიბრძნე და ძალა. იგი სცვლის დრო-ჟამს და წელიწადებს, ამხობს მეფეებს და აღაზევებს მეფეებს”. (დან. 2, 20-21).
“უთხრა უფალმა სამუელს: როდემდის უნდა სწუხდე საულის გამო? ხომ განვაყენე იგი ისრაელზე მეფობისაგან? აავსე შენი რქა ზეთით და წადი. ბეთლემელ იესესთან გგზავნი, რადგან მის შვილთა შორის დავიგულე ჩემთვის მეფე… აიღო სამუელმა ზეთიანი რქა და სცხო მას მისი ძმების თანდასწრებით. ამ დღიდან და მერეც უფლის სული წარუმართავდა დავითს ( 1მეფ. 16, 1,13).
“ნუ შეეხებით ცხებულსა ჩემსა და წინასწარმეტყველთა ჩემთა შორის ნუ უკეთურობთ”. (ფსალმ. 104,15).

სახელმწიფოს მთავარი უჯრედი არის ოჯახი, რომელშიც მამა ბუნებრივადაა ოჯახის უფროსი, შვილი კი – ქვეშევრდომი; მამის ხელმწიფობა ოჯახში არ გახლავთ ოჯახური (“დემოკრატიული”) არჩევნების შედეგი, არამედ მას იგი ბუნებრივად მიეცა საღვთო სჯულით. როგორც ოჯახური, ასევე მონარქიული წეს-წყობილება ღვთისგან ადამიანის ამსოფლიური ცხოვრებისთვის არის დადგენილი და ისტორიაც ამტკიცებს, რომ როგორი და რაოდენი ნაკლიც არ უნდა ჰქონდეს მონარქიას, მისი ხსენებაც კი იმ ბოროტების გვერდით, რაც რევოლუციებს (მათ შორის ხავერდოვნებს) მოაქვთ ერებისთვის, უსამართლობა და ურცხვობა იქნება.
ეკლესია და მართლმადიდებლური სამეფო, როგორც სული და სხეული, ისე ქმნიან ერთ ცოცხალ ორგანიზმს. ცხადია, ეკლესიას ქრისტიანული სახელმწიფოებრიობის გარეშეც შეუძლია არსებობა, როგორც სულს – სხეულის გარეშე, მაგრამ ეს არაბუნებრივი მდგომარეობაა.
მართლმადიდებელი მეფე ღვთისმსახური და უფლის ნების აღმასრულებელია, ხოლო მართლმადიდებელი სამეფო – საღვთო განგებულების იარაღი. რაც შეეხება ეკლესიას, იგი არ იღებს ხელში ამსოფლიურ ძალაუფლებას, თუმცა ამქვეყნიურ ხელისუფლებასაც და ცხოვრებასაც შინაგან შინაარსს აძლევს.

მეფე თუ პრეზიდენტი?

საქართველოში ხელისუფლების სათავეში მოხვედრა ბევრს ცხოვრების მიზნად აქვს დასახული. მეფის არსებობის შემთხვევაში ნებისმიერს, მდიდარი იქნება ის, თუ “გაქნილი” პოლიტიკოსი, უსათუოდ ეცოდინება, რომ საერო იერარქიაში ყველაზე მაღლა დგას მეფე. მეფისთვის პირველკაცობის პრობლემა არ არსებობს. მისთვის საკუთარ ხალხზე ზრუნვა ვალდებულებაა, პასუხისმგებლობაა ღვთისა და ერის წინაშე. ეს ადგილი მას 5 წლის ვადაში რაც შეიძლება მეტის სწრაფად მოხვეჭისათვის არ მოუპოვებია. ეს ქვეყანა ისედაც მისი და მისი შთამომავლებისაა. მას არ სჭირდება არჩევნებში გამარჯვება და ამისათვის რომელიმე პოლიტიკური პარტიისა თუ დაჯგუფების მიმხრობა და შესაბამისად – სხვების წინააღმდეგ წასვლა. ის, უბრალოდ მეფობისთვის დაიბადა და სამეფოდ გაზარდეს. იმთავითვე ყველაფერი გარკვეულია.
მეფე, როგორც ზეპარტიული, აპოლიტიკური, ნეიტრალური ლიდერი იქნება გარანტი ერის კონსოლიდაციისა და გაერთიანებისა. უმრავლესობის მიერ არჩეული პრეზიდენტისგან განსხვავებით, მეფე არის როგორც ამომრჩეველთა უმრავლესობის, ისე უმცირესობის სახელმწიფო მეთაური, მთელი ერის სახე, სიმბოლო და რაც მთავარია, ნეიტრალური არბიტრი, რადგან მეფე ყველასია და არავინ გრძნობს თავს დამარცხებულად.
მეფე არის სტაბილურობისა და კონსტიტუციურობის გარანტი, განსაკუთრებით პოლიტიკური კრიზისების დროს. იგი როგორც ობიექტური და ნეიტრალური არბიტრი უზრუნველყოფს რომ ვინმემ არ მოახდინოს ხელისუფლების უზურპაცია, ან უკანონოდ მისი მითვისება (მაგ.- ესპანეთის მეფე ხუან კარლოს I, რომელიც წინ აღუდგა 1981 წლის 23 თებერვლის სამხედრო გადატრიალებას).
დღეს მსოფლიოში 41 ქვეყანაში კონსტიტუციური მონარქიაა. ევროკავშირის და NATO-ს წევრი 26 ქვეყნიდან – 8 ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი, კანადა, ესპანეთი, ბელგია, ჰოლანდია, ლუქსემბურგი, ნორვეგია, დანია, ასევე კონსტიტუციური მონარქიის ქვეყნებია. მსოფლიოს შვიდი ყველაზე დიდი ინდუსტრიული ქვეყნის ერთობაში, ე.წ. “დიდ შვიდეულში” 3 ქვეყნის (დიდი ბრიტანეთი, კანადა, იაპონია) სახელმწიფო მოწყობაც – კონსტიტუციური მონარქიაა.
დღეს, სწორედ კონსტიტუციური მონარქიის მქონე ქვეყნები გამოირჩევიან პოლიტიკური სტაბილურობითა და ეკონომიკური კეთილდღეობით, რაც ასე გვაკლია თანამედროვე ქართველობას და რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ერის ღირსეული განვითარებისათვის.
მეფე არ დააწვება მძიმე ტვირთად ისედაც სიდუხჭირეში მყოფ ჩვენს მოსახლეობას, პირიქით მონარქიის აღდგენის შემთხვევაში ქვეყანა თავისუფლდება პრეზიდენტის და მისი ბიუროკრატიული აპარატის შენახვისაგან, ასევე ყოველ 5 წელიწადში საპრეზიდენტო არჩევნების დიდი ხარჯებისაგან და სხვა თანმდევი მოვლენებისაგან.
გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ მეფის შენახვა სახელმწიფოს გაცილებით იაფი დაუჯდება, ვიდრე პრეზიდენტისა, ამას კონსტიტუცია დაარეგულირებს.
ევროპის კონსტიტუციური მონარქიის ქვეყნებში, მონარქების და მათი ოჯახების წლიური ხარჯები საკმაოდ მცირეა (დიდი ბრიტანეთის გარდა). ევროპული მონარქიების ანალოგიით იხელმძღვანელებს საქართველოც. ამის ისტორიული მაგალითები აქვე გვაქვს, ჩვენი დიდი მეფეები ფუფუნების მოყვარულობით არასოდეს გამოირჩეოდნენ.

კონსტიტუციური მონარქიის (სახალხო) ფორმა

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კონსტიტუციური მონარქიის სახალხო ფორმას, რაში გამოიხატება ეს ფორმა:
საქართველოს ყველა მოქალაქე, მიუხედავად მათი ეროვნებისა, რელიგიური კუთვნილებისა, რასისა და წინაპრების სოციალური სტატუსისა, თანასწორი იქნება კანონის წინაშე უფლებებითა და ღირსებით.
დღეს, მრავალი “ლიბერალი” ავრცელებს დეზინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს მონარქიის აღდგენით საქართველოში ბატონყმობა აღდგება. ამ პრიმიტიულ მონაჭორს სამწუხაროდ მრავალი ჩვენი თანამემამულე წამოეგო და “ლაიქებს” არ იშურებს ხშირად უხამსი დიატრიბის შემცველი პუბლიკაციების სასარგებლოდ. სოციალური ქსელებით მიდის (ხშირად გაუაზრებელი) “მსჯელობა” და ქილიკი იმის შესახებ, თითქოს პატრონყმობის საშიშროება გვემუქრება. სამწუხაროდ, ამ მიზანმიმართულ კამპანიას, ნებსით თუ უნებლიედ, ჩვენც შევუწყვეთ ხელი შეუფერებელი და საზოგადოების გამაღიზიანებელი უცხო პრაქტიკის შემოღებით, მაგ: “რაინდობის”, “ქართული ტამპლიერობის”, ჩინ-მედლებისა თუ ბანტიანი ორდენების ჩამოკიდებით და ა.შ.
მივმართავთ ამ ადამიანებს და ვთხოვოთ, რომ მართლმადიდებლური სამყაროსათვის, მისი ტრადიციებისა და კანონებისათვის უცხო და მიუღებელი ინოვაციებით ნუ დავაყენებთ ამ დიდ საქმეს დარტყმის ქვეშ და ნუ გადავაქცევთ მავანთა გაუაზრებელი განკითხვისა და დაცინვის საგნად.
ზემოაღნიშნული საქციელებით მონარქიის აღდგენის მიმართ მრევლში გაჩენილი გაურკვევლობისა და იმედგაცრუების გასაფანტავად გთავაზობთ (სიახლეების შემოტანასთან დაკავშირებულ) საქართველოს საპატრიარქოს მიერ გაკეთებულ განცხადებას: – “გვინდა განვაცხადოთ, რომ ქართველ ტამპლიერთა ორდენის დაარსება კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით არ მომხდარა. ეს არის დეზინფორმაცია და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობა… საერთოდ, როგორც ტამპლიერთა, ისე სხვა ორდენები მართლმადიდებლური სამყაროსათვის, მისი ტრადიციისა და კანონიკისათვის უცხოა და მიუღებელი. ისინი თავის დროზე კათოლიკურ სამყაროში რომის პაპის დაქვემდებარებაში ჩამოყალიბდნენ”…
კონსტიტუციური (სახალხო) მონარქიის შემთხვევაში გამორიცხულია თავადაზნაურთა შთამომავლობაზე რაიმენაირი პრივილეგიების მინიჭება. კონსტიტუციური სახალხო მონარქია არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს სამეფო ოჯახისთვის ან ყოფილი თავად-აზნაურობისთვის განსაკუთრებული ქონებრივი სტატუსის აღდგენას. უდაოა, რომ 21-ე საუკუნეში ნორმალურ ადამიანს აზრადაც არ მოუვა საკუთარ ხალხს პრეტენზია წაუყენოს იმ ქონებაზე, რომელზეც ჩვენმა დიდმა წინაპრებმა, ღირსეულმა თავადაზნაურობამ, ერის სასარგებლოდ საკუთარი ნებით თქვეს უარი.
1917 წლის 19 ნოემბერს თბილისში ჩატარდა საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობა. ყრილობას ესწრებოდა 320-ზე მეტი დელეგატი საქართველოს ყველა კუთხიდან. თავად-აზნაურთა საერთო კრებამ ყრილობაზე დასასწრებად გამოარჩია:

  • გენერალი კონსტანტინე ნიკოლოზის ძე აფხაზი – თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საკრებულოს წინამძღოლი;
  • დიმიტრი ერასტის ძე ჩოლოყაშვილი – თბილისის მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღოლი;
  • მიხეილ ალექსანდრეს ძე სუმბათაშვილი – ბორჩალოს მაზრის წინამძღოლი;
  • მიხეილ ვასილის ძე მაჩაბელი;
  • ივანე დიმიტრის ძე აფხაზი;
  • დავით ალექსანდრეს ძე გურამიშვილი;
  • კონსტანტინე ზაქარიას ძე მაყაშვილი;
  • ვასილ ილიას ძე რცხილაძე;
  • ვარლამ ჯანასლარის ძე ჩერქეზიშვილი;
  • მიხეილ ალექსანდრეს ძე გედევანიშვილი;
  • გენერალი გიორგი ალექსანდრეს ძე ჯამბაკურ-ორბელიანი;
  • დავით ოტიას ძე ნიჟარაძე – დასავლეთ საქართველოს თავად-აზნაურთა წინამძღოლი.

ილია ჭავჭავაძის დისწულმა – გენერალმა კოტე აფხაზმა ყრილობაზე გაახმოვანა საქართველოს თავადაზნაურთა კრების მიერ მიღებული ისტორიული გადაწყვეტილება:

“მე წარმოვდექი თქვენს წინაშე თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურობის დავალებით, რათა გაუწყოთ თავადაზნაურთა ყრილობის დადგენილება ღვინობის თვის 29 დღისა. ამ დღეს გადაწყდა, რომ მთელი თავად-აზნაურობის ქონების 26 მილიონი ოქროს მანეთი, (იმდროინდელი 8 მილიარდი ფრანკი) ღირსეულ მემკვიდრედ გამოცხადებულ იქნას ქართველი ერი. ეს ქონება არ იყო მამა-პაპის მიერ შთამომავლობით დატოვებული, არამედ იყო თავად-აზნაურობის მიერ შენაძენი ამ ორმოცდაათის წლის განმავლობაში. თავად-აზნაურობას დიდი წარსული აქვს სამხედრო ასპარეზზედ. ამას გარდა სამოქალაქო ასპარეზზედაც. მრავალი შესანიშნავი პირი მოგვცა ამ წოდებამ”.
ეს მაგალითი იმათ ამხელს, ვინც, კომპიუტერს მიმჯდარი, დილიდან საღამომდე აპროტესტებს მონარქიის აღდგენის შემთხვევაში “უქნარა” თავად-აზნაურობის მის ხარჯზე შენახვის “პერსპექტივას”…
ისტორიულად, მხოლოდ მეფე იყო სახელმწიფოს მთელი ქონების ერთადერთი და სრული იურიდიული მეპატრონე. საერისთაოები, სათავადოები თუ სხვა, იყო მის მიერ დამსახურებისამებრ ბოძებული ჯილდო თუ წყალობა, თუმცა იმ ქონებაზე იურიდიული პატრონობა სხვა მფლობელებს არ ჰქონდათ. მეფე გასცემდა და იბრუნებდა უკან (საჭიროების შემთხვევაში) ყველა სახის ქონებას. საქართველოში მონარქიის გაუქმებისთანავე, უკანონოდ გაუქმდა ქართული სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული მთელი მისი ქონებაც. მართალია, ეს იყო ნაძალადევი აქტი რუსეთის მხრიდან, მაგრამ დღეს სრულუფლებიანი მემკვიდრეობა და მთელი ის ქონება, რომელიც ეკუთვნოდა ქართულ სამეფოს, ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ ქართულ სახელმწიფოს, ანუ – ქართველ ხალხს.
სახელმწიფოს მხრიდან ნაციონალიზებული ქონების საკითხს კონსტიტუცია დაარეგულირებს, რათა გამოირიცხოს სხვადასხვა ბურჟუაზიის წარმომადგენელთა უაზრო პრეტენზიები. (მაგ: მიურატების პრეტენზია დადიანების სასახლეზე და სხვა).
დღეს, ეროვნული თანხმობისათვის და ერთიანობისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ საქართველოს მოქალაქეს ჰქონდეს თანაბარი უფლება მიუხედავად იმისა, თუ როგორი სოციალური ფენის წარმომადგენლები იყვნენ მისი წინაპრები ისტორიულ საქართველოში. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს მონარქიის აღდგენას. ყოვლადდაუშვებელია რაიმე სახით ქართული საზოგადოების დაყოფა, მითუმეტეს, კონსტიტუციით. პირიქით, ქართული სახელმწიფოს წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის უნდა დაფასდეს ყველა, მიუხედავად მისი სოციალური, გვაროვნული თუ ეთნიკური კუთვნილებისა.

კონსტიტუციური (სახალხო) მონარქიის უმთავრესი უპირატესობა

ჩვენ უნდა ავაშენოთ ახალი, ჭეშმარიტად ქართული სახელმწიფო, მართლმადიდებლობით, ღვთივკურთხეული სამეფოთი, სადაც მთავარი მოქმედი პირი იქნება ქართული საზოგადოეობა. ჩვენ უნდა შევქმნათ სახელმწიფო, რომლის მთავარი არსი იქნება: უფალი, სამშობლო, ხალხი და მეფე.
კონსტიტუციური მონარქია არ ზღუდავს რესპუბლიკურ პრინციპებს, ვინაიდან მეფეს არ ეყოლება პოლიტიკური გუნდი, ამგვარად, ერთი ადამიანისა და ერთი პოლიტიკური გუნდის მიერ ვერ მოხდება ხელისუფლების უზურპაცია. ასევე, სამეფო ოჯახის წევრებს არ ექნებათ უფლება იყვნენ რომელიმე პოლიტიკური პარტიისა თუ დაჯგუფების წევრები. (ეს აისახება კონსტიტუციაში).
გლობალიზაციის პირობებში ეროვნული თვითმყოფადობის და იდენტობის შენარჩუნების გარანტი იქნება სწორედ მეფე. მის ფუნქციებში შევა მართლმადიდებელ ეკლესიაზე, კულტურულ მემკვიდრეობაზე, ენის სიწმინდესა და პოპულარიზაციაზე, ეროვნულ მეცნიერებაზე, განათლებაზე, კულტურაზე ზრუნვა და მათი მხარდაჭერა.
საპარლამენტო მმართველობის დროს აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს მთავრობა და პრემიერი. პრეზიდენტი კი არის სახელმწიფოს სიმბოლო საშინაო და საგარეო პოლიტიკაში. მართალია, პრეზიდენტი საყოველთაო არჩევნების გზით არის არჩეული, მაგრამ, თუ ჩვენ საპრეზიდენტო მოდელს შევცვლით ღვთივკურთხეული მონარქიით, (თანაც რეფერენდუმით) მეფეს ექნება ხალხის ნდობის კიდევ უფრო დიდი მანდატი, როგორც ისტორიული სამართლიანობის აღდგენის, ასევე ჩვენი წმინდა წინაპრების გზით სვლის კუთხით.
კონსტიტუციური მონარქიის უმთავრესი უპირატესობა არის კონტრასიგნაცია. მისი არსი მდგომარეობს იმაში, რომ მონარქის მიერ გამოცემული აქტები იურიდიულ ძალას იძენს მხოლოდ პრემიერის, ან შესაბამისი მინისტრის ხელმოწერის შემდეგ და პირიქით, საკანონმდებლო აქტი თუ მთავრობის ბრძანებულება ძალაში შედის მხოლოდ მეფის დასტურის შემთხვევაში, ანუ ხელისუფლება მაქსიმალურად დაბალანსებულია.
საკონსტიტუციო მონარქია, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, გამოირჩევა სახალხო ხელისუფლებიანობისა და პარლამენტარიზმის რეალური არსებობით. აქედან გამომდინარე კონსტიტუციური მონარქიის დროს, კონტრასიგნაციის ინსტიტუტისა და სოლიდარული პასუხისმგებლობის პირობებში, მონარქი ხდება სახელმწიფოს უშიშროებისა და ერთიანობის გარანტი და რაც მთავარია, სამთავრობო და საპარლამენტო კრიზისების შემთხვევაში სახელმწიფოებრივი და ტერიტორიული მთლიანობის გარანტი. კონსტიტუციით მეფე იქნება უმაღლესი მთავარსარდალი.
ტახტზე ასვლისთვის აუცილებელი პირობა იქნება, რომ მომავალი მეფე იყოს დომინანტი სარწმუნოების – საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი და მისი სწავლების აღმსარებელი, მისი ინტერესების დამცველი და გამტარებელი. (ევროპული მონარქიების ანალოგი)

მონარქიის აღდგენით მთელი მსოფლიო გაიგებს რომ, მინიმუმ 23-საუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის მქონე ერი ვართ.

მონარქიის არსებობა უდაოდ გაზრდის ქართველთა სახელმწიფოებრივ აზროვნებასა და პასუხისმგებლობას. პროპორციულად გაიზრდება ეროვნული ღირსების განცდა და ამაღლდება სამოქალაქო საზოგადოების თვითშეგნების დონე. ამით მაქსიმალურად აღმოიფხვრება კოლონიალიზმისა და ათეიზმის ძველი გადმონაშთები, დაიძლევა ნაცმოძრაობის სადისტური მმართველობის შედეგად დანერგილი შიშის, არასრულფასოვნების განცდისა და უცხოეთზე დამოკიდებულების სინდრომი.
მონარქიის არსებობა არის და იქნება ასევე ტერიტორიული მთლიანობის ყველაზე მყარი სიმბოლო და გარანტი. საუკუნეების მანძილზე, ბაგრატიონთა დინასტია იყო ასევე აფხაზ მეფეთა დინასტია, სწორედ აფხაზეთიდან დაიწყეს ბაგრატიონებმა საქართველოს გაერთიანება. მართალია, ხშირად საუბრობენ თანამედროვე და ისტორიული აფხაზების სხვაობაზე, მაგრამ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. დღეისათვის, მთელი მსოფლიოსთვის აფხაზებად სწორედ ის ხალხი მოიაზრება, რომლებიც საკუთარ თავს აფსუას უწოდებს, ქვეყანას კი აფსნის.
ასეა თუ ისე, აფხაზეთის მიწა-წყალი (რომ აღარაფერი ვთქვათ ჩრდილო ქართლის ტერიტორიებზე) იყო და არის ბაგრატიონთა დინასტიის ლეგიტიმური ტერიტორია. ამას აღიარებს ყველა დინასტია. მეფე იქნება როგორც აფხაზების, ისე ქართველების ისტორიული დინასტიის შთამომავალი. ორივე ერის შვილი და ორივე ერის ინტერესების დამცველი. (ეს აისახება კონსტიტუციაში). ასევე, საქართველოს მეფე იქნება სხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანების სათვისტომოთა ინტერესების დამცველიც, როგორც იყო ისტორიულად.
საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა, აფხაზეთი გამოცხადდეს საქართველოს შემადგენლობაში მყოფ სამთავროდ, თავისი ავტონომიური უფლებებით.
კონსტიტუციური სახალხო მონარქიის შემთხვევაში სახელმწიფოს მართვა განხორციელდება ჩვეულებრივად, როგორც თანამედროვე ცივილიზებულ მსოფლიოშია მიღებული. პარლამენტი შეასრულებს საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციას, მის მიერ დანიშნული მთავრობა კი აღმასრულებელ ხელისუფლებას. მეფეს ძირითადად მაკონტროლებელი (კონტრასიგნაცია) და მორალური გავლენა ექნება ხელისუფლებაზე, რადგან ის სიმბოლურად წარმოადგენს მთელს ერს და ერთიან სახელმწიფოს. მონარქი იქნება განსახიერება ხალხის ნებისა, ცნობიერებისა, ტრადიციებისა და ხასიათისა. იგი ფაქტობრივად თითოეული მოქალაქის, მიუხედავად მისი ეთნიკური წარმომავლობისა, მფარველი, უფლებების დამცველი და ქომაგია. მეფე, რომელიც კონსტიტუციით პოლიტიკურ და ეკონომიკურ იდეოლოგიებსა და დებატებზე მაღლა იდგება, შეასრულებს სახელმწიფოს მეთაურის, ნეიტრალური არბიტრისა და ქვეყნის ერთიანობისა და დამოუკიდებლობის დამცველის ფუნქციას. ის იქნება გარანტი დემოკრატიული ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირებისა.
ის ფაქტი, რომ ბევრი კონსტიტუციური მონარქი დღემდე ინარჩუნებს განსაკუთრებულ შემთხვევაში პრემიერის გადაყენების უფლებას, ითვლება სარწმუნო გარანტად იმისა, რომ პრემიერ-მინისტრი არ ჩამოყალიბდება ავტოკრატად და დიქტატორად.

საქართველოს სამეფო ტახტის დინასტიური მემკვიდრეობის საკითხი

წმინდა წერილში მაცხოვარი (როგორც განკაცებული მესია – ღმერთკაცი) არაერთხელ მოიხსენიება დავითის ძედ. მათეს სახარება იწყება უფლის (კაცობრივი) გენეოლოგიით: – “წიგნი შობისა იესუ ქრისტესი, ძისა დავითისი, ძისა აბრაჰამისა”… (მათ. 1,1).
დღემდე საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილია, რომ ბაგრატიონებიც ისრაელის წმინდა მეფის – დავით მეფსალმუნის შთამომავლები არიან. ამიტომ იწოდებიან ბაგრატიონები დავითიანებად. ამ ფაქტს აღიარებს როგორც ქართული საერო და საეკლესიო ისტორიული წყაროები, ასევე მრავალი უცხოელი.
ქართლის ცხოვრებში მოცემულია ბაგრატიონთა ზედმიწევნითი გენეოლოგია (სახელობითი ჩამონათვალი), რომელიც მათ ბიბლიურ წარმომავლობას ადასტურებს. (იხ. ქართლის ცხოვრება ტ. I, გვ. 371-372).
ისტორიულად დადასტურებულია ისიც, რომ წმინდა მეფე დავით IV აღმაშენებელი არის წმინდა მეფე დავით მეფსალმუნის პირდაპირი 78-ე შთამომავალი. (იხ. ქართლის ცხოვრება ტ. I, გვ. 324).
სხვა ხალხებისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა რა გვარის მეფე ეყოლებოდათ, იქ უმთავრესი იყო მონარქის მეფური წარმომავლობა. საქართველოში კი, აუცილებელი იყო მეფის დავითიან-სოლომონიანი წარმომავლობა. ამიტომ იყო რომ, არც ერთ ქართველ განდგომილ ერისთავს (თუ თავადს) აზრადაც არ მოსვლია ბაგრატიონების სამეფო დინასტია ჩაენაცვლებინა. საქართველოს ისტორიაში იყო შემთხვევები, როდესაც რომელიმე აღზევებული ფეოდალი მეფეს განუდგებოდა ხოლმე, თუმცა ის მაინც ბაგრატიონებში ეძებდა სუსტ, ან მცირეწლოვან “ტახტის მემკვიდრეს”, რათა მისი საშუალებით ემართა ქვეყანა. და მიუხედავად იმისა, რომ ამ სეპარატისტულ საქმიანობაში ხშირად ძლიერი უცხო მოკავშირე უმაგრებდა ზურგს, როგორი ცნობილი და დიდგვაროვანიც არ უნდა ყოფილიყო, ტახტზე ასვლას და საუფლო დინასტიის საკუთარით ჩანაცვლებას მაინც ვერ ბედავდა. ყველას ეშინოდა ღვთისმშობლის სისხლისმიერი ნათესავების დინასტიის დამხობა. (რუსეთის იმპერიასაც ძვირად დაუჯდა ბაგრატოვანთა მეფობის გაუქმება. ოქტომბრის რევოლუცია მსგავსი ღვთივსაწინააღმდეგო ქმედებათა ერთობლიობის შედეგი იყო).
აქედან გამომდინარე, თუკი ღვთის წყალობით საქართველოს მოსახლეობა ნელ-ნელა გააცნობიერებს ღვთივკურთხეული სახელმწიფო მოწყობის უპირატესობას და მოისურვებს ქვეყანაში სახალხო მონარქიის დამყარებას, აუცილებელია ტახტზე ავიდეს სწორედ ბაგრატიონთა შთამომავალი, რომელთაგან დღეისათვის (მემკვიდრეობის თვალსაზრისით) ყველაზე წინ დგას ჩვენი ნეოფიტე უფლისწული – გიორგი ბაგრატიონი.

ლევან ჩაჩუა

გაზიარება: